ახალი ამბები

NATO-მ თურქეთის რჩევა უნდა გაითვალისწინოს და საქართველო მიიღოს – ლუკ კოფი

4 თებერვალი, 2020 •
NATO-მ თურქეთის რჩევა უნდა გაითვალისწინოს და საქართველო მიიღოს – ლუკ კოფი

Heritage Foundation-ის ანალიტიკოსის, ლუკ კოფის თქმით, NATO-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის რჩევა და საქართველო ორგანიზაციის წევრად მიიღოს.

TRT World-ში გამოქვეყნებულ სტატიაში კოფის მოჰყავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განაცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ არ ესმის, რატომ არ მიიღეს საქართველო NATO-ში.

„გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან, შედარებით კარგი ურთიერთობის გამო, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ აცხადებენ თანხმობას საქართველოს მოწვევაზე, რადგანაც რუსეთის პროვოცირება არ სურთ. მაგრამ საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენც გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ამიტომ გვჭირდება გაფართოება, ხოლო საქართველო [NATO-ს] წევრი უნდა გახდეს“, – განაცხადა ჩავოშუღლუმ დავოსში.

თავის სტატიაში კოფი ეთანხმება ჩავოშუღლუს და აღნიშნავს, რომ მას კარგი არგუმენტი აქვს.

„ევროპაში ცოტაა ისეთი ქვეყანა, ვისაც ასეთი ენთუზიაზმი გამოუხატავს NATO-ს საკითხებში, როგორც საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ წევრიც არა. მართალია, NATO-საქართველოს ურთიერთობები ასე ახლო არასდროს ყოფილა, მაგრამ თბილისმა მაინც ვერ გადაკვეთა ფინიშის ხაზი ორგანიზაციის წევრობამდე.

ალიანსის წევრად გახდომას საქართველო  ათწლეულზე მეტია ცდილობს. საბოლოო ჯამში, წევრად გახდომას [საქართველოს] 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დაჰპირდნენ. იქიდან მოყოლებული კი ეს პირობა ყოველ სამიტზე მეორდება.

როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2016 წლის დეკემბერში განაცხადა, „საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა NATO-ს წევრის გახდეს“.

ზუსტად ესაა მიზეზი, თუ რატომ წარმოადგენს ქართველებისთვის იმედგამაცრუებას წევრობამდე რეალური პროგრესის გადადება“, – წერს კოფი.

კოფი აგრეთვე ეთანხმება ჩავოშუღლუს განცხადებას, რომ NATO-ს სჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე.

კოფი წერს, რომ საქართველო სანდო მოკავშირეა და მაგალითად მოჰყავს ავღანეთის საკითხი – „2012 წელს, როცა NATO-ს ბევრი წევრი ქვეყანა ავღანეთიდან წასვლას ცდილობდა, საქართველომ დამატებით გაუშვა ასობით ჯარისკაცი. ავღანეთში საქართველოს მისიის წვლილის პიკზე ყოფნისას იქ 2000 ჯარისკაცი იყო მსოფლიოს ყველაზე სახიფათო წერტილში. დღეს ავღანეთში იმყოფება 900 ქართველი ჯარისკაცი და საქართველო არის NATO-ს მისიის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის“.

კოფი აგრეთვე ხაზს უსვამს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ალიანსისთვის – „დღეისათვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობაც მნიშვნელოვანია. საქართველომ NATO-ს ძალების ტრანზიტისთვისა და ავღანეთში გადაზიდვებისთვის [ალიანსს] თავისი ტერიტორია, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური შესაძლებლობები შესთავაზა“.

ამასთან ერთად, კოფი წერს, რომ „საქართველოს გზა დემოკრატიისკენ რეგიონისთვის სამაგალითოა“ და „ამერიკის ინტერესშია, რომ რეგიონული სტაბილურობისთვის  საქართველომ ამ გზას არ გადაუხვიოს. 2003 წლის მშვიდობიანი ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო ტრანსატლანტიკური საზოგადოების მოკავშირეა“.

სტატიაში კოფი აგრეთვე შეეხო რუსეთს – „ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც NATO-ს წევრებს საქართველოს ალიანსში მიღებასთან დაკავშირებით აქვთ, ქვეყნის [ტერიტორიების] 20 პროცენტის რუსეთის მიერ ოკუპაციაა. რუსეთი იყენებს ცხინვალის რეგიონისა (სამხრეთ ოსეთი) და აფხაზეთის ოკუპაციას, როგორც საუკეთესო ხერხს, საქართველო NATO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს რომ დააშოროს. ეს არის მოსკოვის მიერ დადებული დე ფაქტო ვეტო, რაც მიუღებელია“.

სტატიის ბოლოში კოფი კიდევ ერთხელ წერს, რომ საქართველო NATO-ს წევრი უნდა გახდეს – „დროა, ალიანსმა დაიწყოს პროგრესი წევრობის საკითხზე, გაითვალისწინოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩავუშოღლუს რჩევა და საქართველო NATO-ს წევრი გახდეს“.

სწორედ ლუკ კოფიმ წამოჭრა საკითხი, რომ საქართველო ნატოში მიიღონ სრულ საზღვრებში, თუმცა ისე, რომ მე-5 მუხლი დროებით არ გავრცელდეს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი