ახალი ამბები

ბაღდათში დაღუპულ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად 1330 ლარს ურიცხავდა – ვოლსკი

4 თებერვალი, 2020 •
ბაღდათში დაღუპულ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად 1330 ლარს ურიცხავდა – ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სპეკულაციებს უწოდებს ოპონენტების განცხადებებს ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპული ოჯახისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ.

დეპუტატის ინფორმაციით, ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ ერთ მისამართზე – ბაღდათში, თამარ მეფის N13-ში, ყოფილი სტამბის შენობაში, რომელიც ოჯახს ბაღდათის მერიამ გადასცა და სწორედ ამ მისამართზე იღებდნენ სოციალურ დახმარებასაც. მათთან ერთად ცხოვრობდა 1980 წელს დაბადებული გრიგოლ გველესიანი, ბავშვების ბიძა, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა.

“ამ ერთი კვირის წინ მათ მიმართეს რაიონის სოციალურ სამსახურს და აცნობეს ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ, თან უთხრეს, რომ დაალაგებდნენ თუ არა სახლს თამარ მეფის ქუჩაზე, საიდანაც გაასვენეს გარდაცვლილი გრიგოლ გველესიანი, დაბრუნდებოდნენ აღნიშნულ მისამართზე. ამ მიზეზით იმყოფებოდა ეს ოჯახი ხანძრის დროს წერეთლის ქუჩაზე”, – განმარტავს გიორგი ვოლსკი.

დეპუტატის ინფორმაციით, ოჯახს 2019 წლის ოქტომბერში დროებით მართლაც შეუჩერდა საარსებო შემწეობა, რადგან არ ჰქონდა დაფიქსირებული აბონენტის ნომერი და კომუნალურშიც ჰქონდა ნული.

“ოჯახმა 22 ოქტომბერს შეავსო დეკლარაცია და 21 ნოემბერს ხელახლა მიენიჭა სარეიტინგო ქულა და აღუდგათ საარსებო შემწეობა. 2019 წლის დეკემბერში ჩაერიცხათ დროებით შეჩერების განაცდური თანხა: ჯამში, 2040 ლარი. მას შემდეგ 2020 წლის იანვარში, მათ ჩვეულებრივ ჩაერიცხათ ყოველთვიური საარსებო შემწეობა – 680 ლარი. საერთო ჯამში, ამ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად 1 330 ლარს ურიცხავდა”, – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

ბაღდათში, ხის ძველ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს სოციალურად დაუცველი ოჯახი ემსხვერპლა, მათ შორის, 4 ბავშვი და 2 ქალი. აღნიშნული ოჯახის შესახებ გასულ წელს სიუჟეტი მოამზადა ტვ პირველმა. ტელეკომპანიის სიუჟეტში ოჯახი სიღარიბეზე საუბრობს, ამჟამად უკვე გარდაცვლილი ქალი აცხადებს, რომ ისინი სოციალურ დახმარებას ვერ იღებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი