ხვალ, 4 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოსთან “სირცხვილის კორიდორებს” მოაწყობენ.
როგორც “ევროპული საქართველოს” პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, არ იგეგმება შესასვლელების ბლოკირება, უბრალოდ, დეპუტატებს საპროტესტო შეძახილების ფონზე მოუწევთ პარლამენტში შესვლა.
სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავად არ არიან ხვალინდელი აქციის ორგანიზატორებს შორის, თუმცა აქციას უერთდებიან. “სირცხვილიას” თქმით, პროტესტის გაგრძელება აუცილებელ ბერკეტად მიაჩნიათ, რათა საზოგადოებამ მიაღწიოს მიზანს – 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაიფქირა დაპირების შესრულება და უარს ამბობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე. ამ სისტემის მიხედვით, პარლამენტში პარტიები ადგილების იმ რაოდენობას მიიღებენ, რა პროცენტის მხარდაჭერის მობილიზებას არჩევნებზე შეძლებენ. ოპოზიციის განცხადებით, ახლანდელი შერეული სისტემა ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, მაჟორიტარების დახმარებით, ხმების ნაკლები რაოდენობით მიიღოს საპარლამენტო უმრავლესობა და დარჩეს ერთპიროვნულ მმართველად.