დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ექიმები, მედიცინის სხვა მუშაკები და მოქალაქეები ჩინეთში გმირობის ტოლფას საქმიანობას ეწევიან, რათა არ დაუშვან კორონავირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელება.
“მე არ შემიძლია არ ვთქვა იმ სამოქალაქო გმირობის შესახებ, რასაც დღეს ჩინეთში მცხოვრები მოქალაქეები სჩადიან. არაფერს ვამბობ იმ ექიმებზე, რომლებიც დღეებისა და კვირების განმავლობაში არ გამოდიან საავადმყოფოებიდან. რატომღაც, ჩვენი მედია ამას ყურადღებას არ უთმობს. იქ, ჩინეთში, ყოველდღიური გმირობები ხდება. ეპიდემიებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ მე არც ერთხელ არ მინახავს ასეთი მასშტაბით ასეთი გმირობა, ის, რაც დღეს ჩინეთში ხდება. მინდა, რომ ჩვენ ყველას სოლიდარობა გვქონდეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან, რათა ეს ვირუსი მსოფლიოში არ გავრცელდეს და ყოველდღიურად გმირობას აკეთებენ”, – განაცხადა პაატა იმნაძემ 3 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
ახალი ტიპის კორონავირუსი ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში პირველად 2019 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს და ის პირდაპირ დაუკავშირეს ქალაქ ვუჰანში არსებულ ზღვის პროდუქტების ბაზრობას, სადაც ცოცხალი გარეული ცხოველებით ვაჭრობენ. უკვე დადგენილია, რომ ახალი ვირუსი ადამიანს რომელიღაც გარეული ცხოველიდან გადაეცა. ვირუსი ჩინეთში უკვე დაუდგინა 14 ათასზე მეტ ადამიანს, გარდაიცვალა 300-ზე მეტი. ვირუსის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. ინფიცირებულთა დიდ ნაწილს კავშირი ჰქონდა ჰუბეის პროვინციასთან.
ექიმები და მედიცინის სფეროს სხვა მუშაკები ეპიდემიის ეპიცენტრში თითქმის 24-საათიანი რეჟიმით უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მუშაობენ. ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებები წერენ არაერთი გმირი ექიმის შესახებ, რომელიც საკთარი სიცოცხლის რისკის ფასად მკურნალობს პაციენტებს.
ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ექიმი იყო 62 წლის ლიანგ ვუდონგი, რომელიც პენსიაზე იყო გასული, თუმცა ეპიდემიის დაწყებისთანავე პაციენტების სამკურნალოდ დაბრუნდა. მას ვირუსი გადაედო, რის შემდეგაც გარდაიცვალა. მას გულის პრობლემა ჰქონდა, დააავდებამ კი მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.