ახალი ამბები

“ფულის გათეთრების ნიშნები არ გამოგვივლენია” – მოწმეები სასამართლოში

3 თებერვალი, 2020 •
“ფულის გათეთრების ნიშნები არ გამოგვივლენია” – მოწმეები სასამართლოში

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მორიგი სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 თებერვალს გაიმართა. საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

მოთხოვნა მოსამართლის აცილებაზე

სასამართლო სხდომა მოსამართლე გიორგი არევაძის აცილების და პროცესების გადადების შუამდგომლობებით დაიწყო, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უფლებადამცველმა, ზვიად კორძაძემ დააყენა. აღნიშნულ მოთხოვნას დაეთანხმა ავთანდილ წერეთელიც. ბრალდებულებმა აღნიშნული შუამდგომლობების დაყენების ძირითადი საფუძვლებიც წარმოადგინეს.

სასამართლო სხდომების დროებით გადადების მიზეზად ხაზარიძე-ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ მოსამართლე არევაძის წინააღმდეგ შეტანილ განცხადებაზე პროკურატურის მხრიდან მუშაობის დაწყება დაასახელა. განცხადება პარტია “ლელოს” წევრმა კახა კოჟორიძემ შეიტანა, რომელიც პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოკითხა. ასევე გამოსაკითხად დაიბარეს ანა ნაცვლიშვილიც. აღნიშნული განცხადების შეტანის საფუძველი გახდა ნიკა გვარამიას განცხადება, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე არევაძე მის მიერ წარმოებული საქმეების განსახილველად პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა.

რაც შეეხება მოსამართლის აცილების საფუძვლებს, კორძაძის განცხადებით, ამას სხვადასხვა საფუძველი აქვს. მათ შორის, ზემოთ აღნიშნული შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა, ფორსირებული სასამართლო სხდომები და ადვოკატის შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

პროკურორებმა მხარი არ დაუჭირეს არცერთ შუამდგომლობას და ორივე მათგანს უსაფუძვლო უწოდეს. პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა კი განაცხადა, რომ ეს შუამდგომლობები პროცესის გაჭიანურებას ემსახურება.

მოსამართლე არევაძემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ასევე, მან განმარტა, რომ საერთოდ არ ყოფილა მთავრობისკანცელარიაში და არასდროს შეხვედრია გიორგი გახარიას:

“არ მქონია ცხოვრებაში შემთხვევა, როდესაც ვყოფილიყავი მთავრობის კანცელარიაში და როდესაც მე უშუალოდ შეხება და შეხვედრა მქონდა პრემიერ გიორგი გახარიასთან, თუმცა მიუხედავად ამისა, თქვენი პოზიცია მესმის თქვენი გადმოსახედიდან, თუმცა ვერ გავიზიარებ. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ დღევანდელი სხდომა გადავდოთ. თუკი გამოძიება დაიწყება, ალბათ, დაიწყება და სათანადო კითხვებს დაუსვამენ ყველა მხარეს, მეც მზად ვარ, თუ პროკურატურის სურვილი იქნება, გამოძიებას მივცე ჩვენება”, – განაცხადა არევაძემ.

მოწმეთა ჩვენებები

3 თებერვლის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის შვიდი მოწმე, რომელთა ნაწილიც 2008 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი, ნაწილი კი ამავე წელს “თიბისი ბანკში” მუშაობდა. პროკურატურის კითხვები ძირითადად შეეხებოდა  “თიბისი ბანკის” მიერ “სამგორი თრეიდისთვის” 2008 წელს გაცემული სესხის რეალურ საჭიროებებსა და ბანკის დამოკიდებულებას კონკრეტული კომპანიის მიმართ.

ბრალდების მხარის ძირითადი კითხვები შეეხებოდა მოწმეების ზოგადი საქმიანობის განხილვას, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული ამბიდან თითქმის 12 წელია გასული, “თიბისი ბანკისა” და “სამგორი ჯგუფის” ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე ზუსტი პასუხები ძირითადად არცერთ მოწმეს არ ჰქონდა.

გიორგი არეშიძეს, რომელიც 2008 წელს ეროვნული ბანკის საფინანსო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა, პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჰკითხა, თუ რა მიზნით შევიდა ეროვნული ბანკი “თიბისი ბანკის” შესამოწმებლად. არეშიძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ისინი სხვადასხვა მსხვილ ბანკში შევიდნენ, რათა შეემოწმებინათ ბანკების მუშაობა, ფინანსური მდგომარეობა და გაეცათ რეკომენდაციები.

“2008 წელს, მოგეხსენებათ, საომარი სიტუაცია იყო. როგორც მახსოვს, რამდენიმე მსხვილ ბანკში მოგვიწია შესვლა ფინანსური სტაბილურობის შესწავლის მიზნით. აღნიშნულ შემოწმებაში უშუალოდ ჩართული არ ვიყავი, ახლა ვერ ვიხსენებ კონკრეტულ შემთხვევას, მაგრამ, როგორც წესი, საბოლოოდ, პრეზენტაციის სახით ჩემთან გავდიოდით ბანკის მუშაობის განხილვას”, – განაცხადა არეშიძემ.

პროკურორის კითხვაზე, გასცა თუ არა “თიბისი ბანკმა” სესხი “სამგორი თრეიდზე”, რომელიც არ ემსახურებოდა ბიზნესმიზნებს, არეშიძემ უპასუხა, რომ მსგავს ჩანაწერს ვერ იხსნებს.

რაც შეეხება ფულის გათეთრების რაიმე ნიშნებს, არეშიძის თქმით, მას და მის გუნდს არავითარი ნიშნები არ გამოუვლენიათ, თუმცა, მისივე თქმით, ეს არც შედიოდა მათ მოვალეობაში. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე დარღვევას შეამჩნევდნენ, აუცილებლად აცნობებდნენ შესაბამის ორგანოებს.

ფულის გათეთრების ნიშნების შემჩნევასთან დაკავშირებით კითხვები დაისვა ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლების მიმართაც. ყველა მათგანმა განაცხადა, რომ ამის შემოწმება მათ კომპეტენციაში არ შედიოდა, თუმცა ნებისმიერი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად აცნობებდნენ შესაბამის ორგანოებს. ბრალდების მხარის არცერთმა მოწმემ არ დაადასტურა დარღვევის რაიმე ნიშნები.

სასამართლო სხდომაზე ასევე დაკითხეს “თიბისი ბანკის” თანამშრომლებიც, ვისაც შეხება ჰქონდა 2008 წელს სესხების გაცემის პროცედურებთან. ერთ-ერთ მათგანს, საკრედიტო ანალიტიკური ჯგუფის უფროსს, კახაბერ ჭიპაშვილს, ბრალდების მხარემ ჰკითხა, დაირღვა თუ არა მიზნობრიობა კომპანია “სამგორი ემისთვის” სესხის გაცემასთან დაკავშირებით. ჭიპაშვილმა აღნიშნულ კითხვაზე უპასუხა, რომ დარღვევა არ მომხდარა, რადგან 2008 წლის ომის შემდეგ სანდო კლიენტებზე არამიზნობრივი სესხებიც გაიცემოდა. ამის მიზეზი კი სანდო კლიენტებისთვის ხელის შეწყობა იყო.

ჭიპაშვილის თქმით, “სამგორი ჯგუფი” ერთ-ერთი უმსხვილესი კლიენტი იყო, შესაბამისად, 16 მილიონის სესხის გაცემა ომის შემდგომ პერიოდში, როგორც სანდო კლიენტზე, მისი ბიზნესმდგომარეობიდან გამომდინარე “პრობლემას არ წარმოადგენდა”.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ასევე დაკითხეს იმდროინდელი საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პაატა ჩიტორელიძეც, რომლის ფუნქციებში გაცემული სესხის მონიტორინგიც შედიოდა. მისი თქმით, 2008 წელს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბანკი ითვალისწინებდა ყველა შესაძლო ვარიანტს, მათ შორის, იმასაც კი, რომ შეიძლებოდა აღნიშნული თანხა საერთოდ ვერ დაებრუნებინა კლიენტს. თუმცა მისი სანდოობიდან გამომდინარე, ბანკი რისკზე მაინც მიდიოდა.

როგორ აფასებენ მოწმეთა ჩვენებებს

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღევანდელ პროცესზე გამოძახებულ მოწმეებს არცერთი მხარისთვის სასარგებლო ინფორმაცია არ გაუხმიანებიათ:

“დღეს კიდევ უფრო შორს წავედით: გარკვეულ მოწმეებზე იმასაც ვერ ვამბობ, რომ სასარგებლო იყო დაცვის ან ბრალდების მხარისთვის. იმ მოწმეებმა, რომლებმაც 2008 წლის შემოწმებაზე ისაუბრეს, დაადასტურეს, რომ არავითარი ფულის გათეთრება არ ყოფილა და მსგავსი რამ რომც ყოფილიყო, რეაგირებას მოახდენდნენ. რაც შეეხება ბანკიდან მოყვანილ მოწმეებს, მათაც დაადასტურეს ის, რომ 2008 წლის კრიზისის დროს ღონისძიებები, რომლებიც გატარდა “სამგორის” მიმართ, იყო ჩვეულებრივი ღონისძიებები, რომლებიც გატარდა სხვა კომპანიების მიმართაც”, – განმარტა კორძაძემ.

პროკურორმა სალომე ჩიქობავამ კი პროცესის შეფასებისას განაცხადა, რომ დაცვის მხარის არგუმენტები, რომ კონკრეტული მოწმეები არ ადასტურებენ ფულის გათეთრების საკითხს, არ არის ვალიდური, რადგან ცალკეული მოწმეები იკითხებიან ცალკეულ საქმეებზე, რომელთა ერთობლიობაც ქმნის “დანაშაულებრივ შემადგენლობას და რომლის შეფასებასაც საბოლოოდ ახდენს მოსამართლე”. გარდა ამისა, ჩიქობავამ აღნიშნა, რომ “თიბისი ბანკის” თანამშრომლების დაკითხვისას დაადასტურეს, რომ მათ საქმიანობაში ეროვნული ბანკის რეგულაციების განზრახ დარღვევა არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სესხს არ გასცემდნენ:

“ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა დაადასტურეს ფაქტი იმის შესახებ, რომ 2008 წელს შემოწმების მიზანი და მიმართულება არ იყო “სამგორი ემზე” და “სამგორი თრეიდზე” გაცემული სესხების შესწავლა, შესაბამისად, მათ არ შეუსწავლიათ ეს დოკუმენტები და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ამ მიმართულებით არ მოჰყოლია.

რაც შეეხება “თიბისი ბანკის” თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ახსოვდათ დეტალები, ცალსახად დაადასტურეს, რომ მათ საქმიანობაში ეროვნული ბანკის რეგულაციების განზრახ დარღვევა არ ყოფილა. ეს გულისხმობს იმას, რომ მათ რომ სცოდნოდათ, ამ სესხის გაცემით დაირღვეოდა ეროვნული ბანკის რეგულაციები, ისინი ამ სესხს არ გასცემდნენ” ,- განაცხადა ჩიქობავამ.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე შემდეგი პროცესი ხვალ, 4 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა მოსამართლე არევაძემ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ხვალინდელი სხდომა გააუქმა. მან ასევე გააუქმა 14 და 21 თებერვალს ჩანიშნული სასამართლო სხდომები. შემდეგი პროცესი კი 3 დღეში, 6 თებერვალს არის ჩანიშნული.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2007 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი