მერიის განცხადებით, სტიქიის დროს დაზარალებული ის ოჯახები, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ ქონება, დახმარებას გარკვეული პრიორიტეტების მიხედვით მიიღებენ. პირველ ეტაპზე დახმარება გადაეცემა:
დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც არც ერთ წევრს არ გააჩნია საცხოვრებლად უსაფრთხო სხვა უძრავი ქონება; სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც აქვთ მინიჭებული 100 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულა; მრავალშვილიან და დაზარალებულ ოჯახებს 18 წლამდე ასაკის 3 ან მეტი შვილით; დაზარალებულ ოჯახებს, რომლის წევრი არის ორსული ან მეძუძური დედა; დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის შშმ პირი; და დაზარალებული იჯახი, რომლის ერთ–ერთი წევრი არის ომის ვეტერანი.
ქუმსიშვილმა დღეს მერიაში განართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შემუშავებული წესის მიხედვით, დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება. პირველი შეთავაზების მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის.
ქუმსიშვილი ამბობს, რომ ამ წესის განსაზღვრისას დევნილთა სამინისტროს მეთოდოლოგიით იხელძღვანელეს. მისივე თქმით, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, რომელიც მას სტიქიამდე გააჩნდა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დაადგენს.
ქუმსიშვილმა ასევე განაცხადა, რომ იმ ოჯახებისათვის, რომელთაც სრულად დაეტბორათ სახლი და გაუნადგურდათ მოძრავი ქონების საოჯახო პაკეტი, ასევე განისაზღვრა სულადობის მიხედვით საოჯახო პაკეტები, რომლებიც იწყება 8 000 ლარიდან და 10 500 ლარს აღწევს.
“რაც ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ, რაც ეს ოჯახები შეიძენენ უძრავ ქონებას იმისათვის, რომ ისინი გადავიდნენ იქ საცხოვრებლად, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ შეიძინონ ის საოჯახო პაკეტი, რომელიც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ოჯახმა იფუნქციონიროს სრულფასოვნად,”– განაცხადა ქუმსიშვილმა დღევანდელ კონფერენციაზე.
ქუმსიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული წესი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს; დაზარალებული ოჯახების ზუსტი რაოდენობა კი ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც პრემიერ–მინისტრის აპარატთან შექმნილი უწყებათაშორისი კომისია სტიქიის ზონას განსაზღვრავს.