ახალი ამბები

აშშ-მა საქართველოს ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორის პოვნისკენ უნდა უბიძგოს – Heritage

3 თებერვალი, 2020 • 1301
აშშ-მა საქართველოს ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორის პოვნისკენ უნდა უბიძგოს – Heritage

ამერიკული კონსერვატიული კვლევითი ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდი“ (The Heritage Foundation) წერს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას უნდა უბიძგოს, მოძებნოს ახალი ინვესტორი ანაკლიის პორტის ასაშენებლად.

2020 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებულ დოკუმენტში — „ხუთი პრიორიტეტი აშშ-საქართველოს 2020 წლის ურთიერთობაში“ — ავტორი, „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი ალექსის მრაჩეკი, წერს:

„აშშ-მა უნდა უბიძგოს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს ახალი ინვესტორი [პორტის ასაშენებლად]. საქართველოს სჭირდება ეს პორტი. ის ქვეყნის აუთვისებელი ლოჯისტიკური პოტენციალის დიდ ნაწილს გამოაჩენს და საქართველო რუკაზე უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ეს ქვეყანას ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაეხმარება. ასევ,ანაკლიის პორტი გააღრმავებს აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას“.

ავტორის რეკომენდაციით, „კონგრესმა და ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდონ საქართველოს, იპოვოს ახალი ინვესტორი ანაკლიის პორტისათვის, ხელახლა შევიდეს პროექტში, და შეინარჩუნოს პროექტის დასრულებამდე“.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქართულ-ამერიკულ გაერთიანებას, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელიც პორტს აშენებდა, 2020 წლის 9 იანვარს გაუწყვიტა კონტრაქტი. პორტის მშენებლობა შეწყდა.

სამინისტრო ამ ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს და აცხადებს, რომ პორტის ასაშენებლად ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისთვის ემზადება.

ანაკლიის პორტის შესახებ გირჩევთ:

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

მასალების გადაბეჭდვის წესი