ახალი ამბები

დეზინფორმაციაზე საპარლამენტო მოკვლევამ FB-ზე პროსამთავრობო გვერდების წაშლა არ შეისწავლა

3 თებერვალი, 2020 • 2633
დეზინფორმაციაზე საპარლამენტო მოკვლევამ FB-ზე პროსამთავრობო გვერდების წაშლა არ შეისწავლა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტი მიმოიხილავს დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე ქვეყანაში არსებულ ძირითად გამოწვევებს და პრობლემებს. ასევე, ხელისუფლების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, წარმოადგენს რეკომენდაციებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. თემატური მოკვლევის ანგარიშში გამოყენებულია სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წერილობით და ზეპირი ფორმით მოწოდებული ინფორმაცია. ანგარიშის თანახმად, დეზინფორმაცია და პროპაგანდა რესპონდენტების მიერ საწყისშივე რუსეთის
ფედერაციასთან ასოცირდება. შესაბამისად, საქართველოში ამ სივრცეში არსებული აქტიური კერძო პირები თუ ორგანიზაციები პირდაპირ ან ირიბად რუსეთის დეზინფორმაციის აგენტებად აღიქმებიან.

ანგარიშში დეზინფორმაციის სხვა აქტორებზე საუბარი არ არის. დოკუმენტში ნახსენებია რომ Facebook-მა საქართველოსადმი გაზრდილი ინტერესი აჩვენა 2019 წლის 20 დეკემბერს, როცა კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის 344 საქართველოში რეგისტრირებული გვერდი წაშალა, რაც პრეცენდენტად შეიძლება იქნას გამოყენებული ამ სოციალურ ქსელთან თანამშრომლობის დასამყარებლად. თუმცა ეს თემა უფრო ვრცლად ჩაშლილი და შესწავლილი არ არის, რასაც თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო გოგუაძე იმით ხსნის, რომ “ფეისბუქის” მიერ ანგარიშების წაშლა უშუალოდ თემატური მოკვლევის პერიოდს არ ემთხვეოდა.

“ჯგუფის რამდენიმე წევრის მოთხოვნა იყო, რომ ანგარიშში ასახულიყო ბოლოდროინდელი მოვლენები “ფეისბუქის” მიერ ანგარიშების წაშლასთან დაკავშირებით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს თვითონ მოკვლევის პროცესს არ უკავშირდებოდა, ამიტომ არ არის ასახული. თუმცა საქართველოს პარლამენტი თუ ამ საკითხს მიაქცევს ყურადღებას და უფრო მეტად გასცემს კითხვებს პასუხს, ეს მხოლოდ ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს”, – განაცხადა გოგუაძემ.

დეპუტატი მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში ცალკე თემატური მოკვლევის ჯგუფი ან საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

“ფეისბუქის” საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას პასუხის ჯერ არ გაუცია, რომელიც გააქარწყლებდა იმას, რაც “ფეისბუქმა” თქვა. როდესაც “ფეისბუქი” გეუბნება, რომ ორგანიზებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ახორციელებ, მხოლოდ ის პასუხი, რომ ამას არ ვაკეთებ, საზოგადოებისთვის დამაჯერებელი არ არის. თუ ხელისუფლების ინტერესშია, კითხვებს პასუხი გაეცეს, მე ვურჩევდი, საპარლამენტო ფორმატში საგამოძიებო კომისია ან მოკვლევის ჯგუფი შექმნილიყო”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნინო გოგუაძემ.

2019 წლის 20 დეკემბერს სოციალურმა ქსელმა Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო საკუთარი პლატფორმებიდან წაშალა 418 ანგარიში, მათ შორის 344 გვერდი, 13 ჯგუფი, 39 პროფილი და 22 “ინსტაგრამ” ანგარიში.

„ფეისბუქის“ გამოძიებით გამოვლინდა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი პირები ცდილობდნენ შეენიღბათ საკუთარი ვინაობა, მოქმედებდნენ კოორდინირებულად და დაკავშირებული იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასთან”. “ფეისბუქის” ცნობით, წაშლილი გვერდები პოზიციონირებდნენ როგორც მედიაორგანიზაციები, თავს ასაღებდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო პირებად და სამოქალაქო ორგანიზაციებად. ფეისბუქის გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშის მფლობელები, როგორც წესი, პოსტავდნენ პოლიტიკური სიახლეების შესახებ, არჩევნებთან, სამთავრობო პოლიტიკასთან, საჯარო თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, აკრიტიკებდნენ ოპოზიციას, ადგილობრივ აქტივისტებს და ორგანიზაციებს.

შენიშვნა: თავდაპირველად სტატიის სათაური იყო “დეზინფორმაციაზე თემატური მოკვლევის ანგარიშში Facebook-ზე პროსამთავრობო გვერდების წაშლა ვერ მოხვდა”, რაც ნინო გოგუაძის კომენტარს ემყარებოდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ანგარიშში თავად ფაქტის შესახებ ნახსენებია, სათაური შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი