ახალი ამბები

“კრემლის პროპაგანდის გაგრძელება” – დეკანოიძე გოგაშვილის განცხადებაზე

3 თებერვალი, 2020 •
“კრემლის პროპაგანდის გაგრძელება” – დეკანოიძე გოგაშვილის განცხადებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის გუშინდელ განცხადებებს კრემლის პროპაგანდის გაგრძელებად აფასებს.

გოგაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახმედ ჩატაევის დაჯგუფების დაფინანსებაში დაადანაშაულა, მიხელ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი კი, მისი თქმით, ერთ-ერთი ვერსიით ახმეტაში ბიძინა ივანიშვილის მოკვლას გეგმავდნენ.

როგორც დეკანოიძე ამბობს, პუტინი წლების განამვლობაში ცდილობდა, საქართველო, განსაკუთრებით კი პანკისის ხეობა, ტერორიზმთან დაეკავშირებნა და მისი შეფასებით, სოსო გოგაშვილის სახით “ქართული ოცნება” სწორედ ამ პროპაგანდისტულ ნარატივს აგრძელებს:

“წლების მანძილზე პუტინი ცდილობდა საქართველოს და განსაკუთრებით პანკისის ხეობის მიბმას ტერორიზმთან. ეს იყო კრემლის პროპაგანდა, ეს იყო თვითონ პუტინის პროპაგანდა”, – ამბობს დეკანოიძე და დასძენს, რომ ახლა იგივეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები იმეორებენ გოგაშვილის სახით.

“ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, მაჩალიკაშვილის გაყალბებული საქმე  გაამართლონ და თან “გააშავონ” მალხაზ მაჩალიკაშვილი. ეს არის გაუგონარი ზიანი საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ასევე ეს არის რუსული პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ამ მიმართულებით”, – ამბობს დეკანოიძე.

გოგაშვილის განცხადების შემდეგ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ვანო მერაბიშვილს, რომელიც საპატიმროს ერთ თვეში ტოვებს, ახალი ბრალი წაუყენონ? –  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ამბობს, რომ არაფერს გამორიცხავს:

“რაც შეეხება სხვა ბრალს, მე არ ვიცი, სადამდე ეყოფა ბიძინა ივანიშვილს ფანტაზია. შესაძლებელია ყველაფერი. მე არაფერს გამოვრიცხავ, გლწრფელად რომ გითხრათ” ,- ამბობს დეკანოიძე.

გუშინ გადაცემაში “იმედის კვირა” სოსო გოგაშვილმა თქვა, რომ ჩატაევს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა და “შავი საქმეების” შესასრულებლად მიხელ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი აფინანსებდნენ. მისი თქმით, ერთ-ერთი ვერსიით მათ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაც უნდოდათ:

“მიშას და ვანოს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ 2012 წელს “ქართული ოცნება” სერიოზულ საარჩევნო რესურსს კრებდა მოსახლეობის სახით და ერთ ვერსიად გაჟღერდა, რომ ახმეტაში მათ უნდოდათ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია. ამას ზუსტად აკეთებდნენ ფარული ჯგუფის საშუალებით, რომელსაც მერე ჩახოცავდნენ”, – თქვა გოგაშვილმა.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ჰკითხა, თუ ჰქონდათ ინფორმაცია გოგაშვილის მიერ მოთხრობილ გარემოებებთან დაკავშირებით და ასევე, მიმდინაროებდა თუ არა გამოძიება ამასთან დაკავშირებით. უწყების პასუხს მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი