ახალი ამბები

თინა ხიდაშელის რისკი და შანსი ნატოს გზაზე

2 ივლისი, 2015 • 1438
თინა ხიდაშელის რისკი და შანსი ნატოს გზაზე

თავდაცვის მინისტრი ნატოსგან საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ითხოვს. მას ამ საკითხის ლობირება საკმაოდ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებასა და დროში მოუწევს. ქართველი და ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით ამოცანა საკმაოდ რთულია.

მას შემდეგ, რაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ ნატოში გაწევრიანების დაპირება მიიღო, 7 წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა თბილისმა ამ დრომდე ვერ მოახერხა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, იგივე MAP-ის მოპოვება, რაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ნატოს მომდევნო, ვარშავის სამიტამდე ზუსტად ერთი წელწადია დარჩენილი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კი ამბობს, რომ საქართველო მზადებას იწყებს და თან ძალიან მკაფიო გზავნილით – ქვეყანა პოლონეთის დედაქალაქში MAP-ს ითხოვს და მოთხოვნების ნაწილში ტონის დაწევას არ აპირებს.

 

თინა ხიდაშელის რისკი?

 

2016 წლის ვარშავის სამიტი ივლისის შუა რიცხვებში ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ამ პერიოდში [საპარლამენტო] საარჩევნო ციებ-ცხელება უკვე დაწყებული იქნება და შიდა პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთბრალდებების თვალსაზრისით ტემპერატურაც აიწევს. ხიდაშელს ზემოხსენებული იდეის ლობირება სწორედ ასეთ დროს მოუწევს. ოქტომბერში საარჩევნო ყუთებთან მისულ ამომრჩევლებს კი ვარშავის სამიტის შედეგები უკვე ეცოდინებათ. პოლიტოლოგი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ თინა ხიდაშელის კატეგორიული პოზიცია საკმაოდ თამამია.

 

“აქ სხვა პრობლემაც არსებობს, რამდენად ასახავს ეს განცხადება მთლიანად მთავრობის პოზიციას, მაგრამ სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში ის არ არიდებს თავს საკმაოდ სარისკო განცხადებას იმიტომ, რომ თუ არ გამოვიდა, რა თქმა უნდა, ეს მინუსებში ჩაიწერება, თუმცა, რომც არ გამოვიდეს, ხიდაშელი მაინც გამოჩნდება პოლიტიკოსად, რომელმაც ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ამიტომ თვითონ თინა ხიდაშელი არაფერს კარგავს”, – ამბობს ხოშტარია.

 

“პირველ რიგში, თინა ხიდაშელის, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის, უმთავრესი მიზანია, რომ ქვეყანას MAP მოუპოვოს”, – გვითხრა ლინკოლნ მიტჩელმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა.

 

“მე დარწმუნებული, ვარ რომ ის ძლიერ ადვოკატირებას განახორციელებს. რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს არის ტაქტიკა, არის თუ არა ეს ტაქტიკა საუკეთესო შედეგების თვალსაზრისით?! მე არ ვარ დარწმუნებული,  შეიძლება იყოს… თინასთვის და საქართველოსთვის ახლა საკმაოდ რთული სიტუაციაა, თუ ის ამ იდეის ლობირებას აგრესიულად არ განახორციელებს, ხალხის ნაწილი იტყვის, აი, შესაძლოა საქართველო იმდენად პროდასვალური არ არისო, თუ ამას გააკეთებს, თინა, შენ ზედმეტად აგრესიული ხარ და ცოტა უნდა დამშვიდდეო – ეტყვიან. ბევრი ადვილი გამოსავალი არ არსებობს ამ გზაზე”, – აცხადებს მიტჩელი.

 

საქართველოს შანსი ვარშავაში

 

ნატოს გაფართოებაზე დისკუსიის თვალსაზრისით საქართველოს განაცხადი MAP-ის თაობაზე საკმაოდ არაერთგვაროვან გარემოში კეთდება. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2014 წელს განაცხადა, რომ “ამ ეტაპზე  უკრაინა და არც საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე არ დგანან”, მიმდინარე წლის მარტში ფრანსუა ოლანდმა თქვა, რომ ამ ეტაპზე ნატოს გაფართოებას საფრანგეთი მხარს არ დაუჭერს, ხოლო ცოტა ხნის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ 2016 წლის სამიტზე ნატოს წევრობის კანდიდატებმა, მათ შორის საქართველომ ალიანსისაგან მიწვევა უნდა მიიღონ და სამიტი გაფართოებას მიეძღვნას.

 

საქართველოს რეფორმების ასოციაციის ანალიტიკოსი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ობამასა და ოლანდის ზემოხსენებული განცხადებების შემდეგ ნატოსგან გაისმა დამაიმედებელი მესიჯი მონტენეგროსთვის, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე შესაძლოა ამ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხი გადაწყდეს, რაც ხაზს იმ გარემოებას უსვამას, რომ ზოგადად ნატოს გაფართოების მიმართ არ არსებობს ნეგატიური დამოკიდებულება დასავლეთში. მისი თქმით, ამ პროცესში სხვა კანდიდატი ქვეყნების წინსვლა დაადასტურებს იმ რეალობას, რომელსაც ნატო ოფიციალურად არ აღიარებს, თუმცა სწორედ ეს არის საქართველოს შემაფერხებელი ფაქტორი – რუსეთი.

 

“თუმცა, მიუხედავად რუსეთისა, ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი არ გაჩერებულა და არავინ ამბობს, რომ რუსეთის გამო საქართველო წინ ვერ წავა. მეტსაც გეტყვით, ფანჯარა, რომლითაც ჩვენ უნდა ვისარგებლოთ, უკრაინის მოვლენების გამო არათუ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო გაფართოვდა იმიტომ, რომ ბევრად მეტი ყურადღებაა ახლა კონცენტრირებული ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. ამიტომ ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ”, – ამბობს ხოშტარია.

 

ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ MAP-ის მიღების პერსპექტივას შედარებით სკეპტიკურად უყურებს ამერიკელი ანალიტიკოსი მაიკლ ჩეჩირე. ის ნატოს წევრ ქვეყნებს საქართველოს გაწევრიანების დაჩქარების სურვილს ვერც ბუქარესტის სამიტიდან 7 წლის თავზე ატყობს. ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსის მაიკლ ჩეჩირეს აზრით, თინა ხიდაშელის სტრატეგია შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგან წარმატებას ამ გზაზე თბილისის აქტივობები არ განსაზღვრავს:

 

“მე არ ვფიქრობ, რომ ეს სტრატეგია საქართველოს დააზარალებს, რადგან მისი წევრობის ევროპული ოპოზიცია არა თბილისის აქტივობაზე, არამედ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ [რუსეთის ფაქტორი] მიზეზებზეა დამოკიდებული. მაგრამ არც იმას ვფიქრობ, რომ ეს სტრატეგია ქვეყანას დაეხმარება. ირაკლი ალასანიაც ძლიერი და დამაჯერებელი ადვოკატი იყო, მისი წინამორბედებიც ენმ-დან აგრესიულად უბიძგებდნენ ნატოს, თუმცა ნაკლები სარგებლით. ძალიან ცოტა მიზეზი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ხიდაშელს უფრო გაუმართლებს. ეს არ არის მისი ბრალი. ესაა სიტუაცია, რომელშიც ახლა საქართველო იმყოფება. თუმცა, როგორც შიდა, ასევე გეოპოლიტიკური მიზნებისთვის მან მტკიცე პოზიცია უნდა გამოხატოს ნატოს მიმართულებით, რათა რაიმე კონკრეტულს მიაღწიოს (განსაკუთრებით ანტიდასავლური, ნაციონალისტური და ევრაზიული მოძრაობების გაძლიერების ფონზე) – მაგრამ პოლიტიკური ნება ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ჯერჯეორბით, უბრალოდ, არ არსებობს”, – ამბობს ჩეჩირე ბათუმელებთან საუბარში.

“MAP-ზე უკეთესი” ინსტრუმენტი ნატოში გასაწევრიანებლად?

2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შემდგომი ეტაპი MAP იქნება. მომდევნო სამიტებმა ბუქარესტის გადაწყვეტილების  ელემენტები კვალვ გაიმეორა, თუმცა 2014 წლის უელსის სამიტზე ნატომ უკვე განაცხადა: “საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან შეიცავს საჭირო ინსტრუმენეტებს იმისათვის, რომ საქართველომ ნატოს საბოლოო წევრობისაკენ იმოძრაოს”. ნიშნავს თუ არა ეს ჩანაწერი იმას, რომ საქართველოს გაწევრიანებისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა აღარ დასჭირდეს და ისე გახდეს ნატოს წევრი? ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ არა, რადგან ტექსტი საკმაოდ ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა. მისივე თქმით, თუ ვარშავის სამიტზე მკაფიოდ გაცხადდება, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის MAP აღარ სჭირდება და არსებული ინტრუმენტებით შეძლებს ალიანსში შესვლას, ეს, საბოლოო ჯამში, MAP-ზე არანაკლები მნიშვნელობის გადაწყვეტილება იქნება.

 

მაიკლ ჩეჩირეს თქმით, ყველაზე საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც საქართველოს ნატოსკენ მოძრაობის გასაძლიერებლად შეუძლია, არის ის, რომ ახლო მომავალში ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა დროებით დავიწყოს.

 

“ვგულისხმობ იმას, რომ ფოკუსირება მოახდინოს კომპლექსური საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე: ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთთან და ამავე დროს ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება სახლში. თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს. თუ დასავლეთის ქვეყნები დაინახავენ, რომ საქართველო ცივი გონებით აწარმოებს საგარეო პოლიტიკას და ამავდროულად განავითარა დამოუკიდებელი თავდაცვითი საშუალებები, რათა თვითონაც შეძლოს თავის დაცვა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები უფრო გაიოლდება”, – აცხადებს ჩეჩირე და დასძენს, რომ საქართველომ ასევე ფოკუსირება უნდა მოახდინოს ორმხრივ ურთიერთობებზე მთავარ პარტნიორებთან: აშშ-თან და თურქეთთან. მისი თქმით, მართალია, აშშ-ის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ საქართველოსთვის ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭება დაბლოკა, თუმცა კაბინეტს გარეთ, იგივე კონგრესში უფრო ძლიერი კონსენსუსი არსებობს ამ საკითხზე.

 

“პრეზიდენტმა ობამამ მთლიანობაში საქართველოსთან მეგობრული პოლიტიკა შეიანარჩუნა, თუმცა პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი სავარაუდო შემცვლელები ორივე პარტიიდან უეჭველად იქნებიან უფრო ძლიერი და მჭიდრო თანამშრომლობის მხარდამჭერები საქართველოსთან, მათ შორის ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსზეც. ეს სტატუსი აუცილებლად არ ნიშნავს საერთო თავდაცვით ურთიერთობებს, როგორც ნატოს, მაგალითად, წევრობა, მაგრამ ის ხელს შეუწყობს სამხედრო და გეოპოლიტიკურ თანამშრომლობას, გააადვილებს შეთანხმებას იარაღის საკითხებზე და ძალიან დიდი სიმბოლური ეფექტიც ექნება ურთიერთობის თვალსაზრისით. ეს სტატუსი შესაძლოა ასევე ძლიერი სიგნალი იყოს ევროპის ქვეყნებისთვის, რამაც ნატოს წევრობა შესაძლოა უფრო გაამარტივოს”.

მისივე თქმით, ანალოგიური პრინციპით საქართველომ უნდა გააძლიეროს გეოპოლიტიკური და თავდაცვითი კავშირები თურქეთთან, ერთადერთ ქვეყანასთან, რომელსაც ჩეჩირეს აზრით აქვს იმის რესურსი, რომ რუსეთის დომინირების საპირწონედ იმოქმედოს რეგიონში.

 

“თურქეთს ასევე აქვს რეგიონული ლიდერის პრეტენზიები, მაგრამ მარწუხებშია მოქცეული რუსეთთან ისტორიული კონფრონტაციის გამოცდილების გამო. ასე რომ, საჭიროა მისი დაყოლიება, რათა კავკასიაში უფრო ძლიერი როლი ითამაშოს”, – ამბობს ანალიტიკოსი.

 

ელენე ხოშტარია კი თინა ხიდაშელის მიერ დეკლარირებულ აქტიურ პოლიტიკურ პრესინგს უჭერს მხარს ნატოს წევრი სახელმწიფოების მიმართ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების ან საერთოდ სწრაფად გაწევრიანების თაობაზე. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების პოლიტიკა ნატოს მიმართ საკმაოდ პასიური იყო, რადგან არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და უელსის სამიტამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ “MAP არ გამოვაო, რასაც პრაქტიკულად საკითხის დახურვა მოჰყვა.

 

“ეს რომ არ ეთქვა, არ ნიშნავს, რომ MAP-ს გარანტირებულად მივიღებდით, მაგრამ როცა ჩვენ ვაკეთებთ ამგვარ პოზიციონირებას, ამით საკითხი სრულდება. ახლა ამ საკითხზე საუბარს ვიწყებთ სამიტამდე ერთი წლით ადრე. პრაქტიკულად წინმსწრებად ამდენი ხნით ადრე არასდროს დაწყებულა მზადება. ახლა წინ გვაქვს ერთი წელი და ძალიან ბევრი მანევრისა და სვლის მოფიქრების საშუალება ამ პერიოდის განმავლობაში. კარგია, რომ ასეთი ხმამაღალი განცხადებით ვიწყებთ პროცესს. ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ ეტაპზე ჩვენი ტაქტიკის კორექტირება არ გავაკეთოთ… თავდაცვის მინისტრი პრაქტიკულად აცხადებს, რომ იწყება ჩვენს მეგობრებთან და უშუალოდ ნატოსთან ამ საკითხზე კომუნიკაციის პროცესი. რა თქმა უნდა, ტაქტიკის კორექტირება მათთან კომუნიკაციის შემდგომ უნდა გავაკეთოთ, შევთანხმდეთ მეგობრებთან საუკეთესო ტაქტიკაზე, თუმცა ასე რომ ვიწყებთ პროცესს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს ხოშტარია.

თინა ხიდაშელი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში
თინა ხიდაშელი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში

მასალების გადაბეჭდვის წესი