ახალი ამბები

გიორგი გახარია აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

31 იანვარი, 2020 •
გიორგი გახარია აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

გიორგი გახარია საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერმა და აშშ-ის ელჩმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და  ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ შედეგზე, რომელიც ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებშია, ასევე, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე. აშშ-ის ელჩის თქმით, 2020 წელი აშშ-სა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია, რადგან ორივე ქვეყანაში არჩევნებია.

“ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან შინაარსიანი საუბარი შედგა, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი: თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკური თანამშრომლობა და ასევე ეკონომიკური კავშირების გაზრდის შესაძლებლობები.

2020 წელი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან წინ ორივე ქვეყანას არჩევნები გველის”,-განაცხადა კელი დეგნანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, გიორგი გახარიამ ახლად დანიშნულ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი