ახალი ამბები

მინისტრის თქმით, გაიხსნება ცენტრი, რომელიც მძღოლებს გადაამზადებს, მათ შორის EU-ს ბაზრისთვის

31 იანვარი, 2020 •
მინისტრის თქმით, გაიხსნება ცენტრი, რომელიც მძღოლებს გადაამზადებს, მათ შორის EU-ს ბაზრისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ 2020 წელს ახალი ტრენინგცენტრი აშენდება, რომელიც ქართველ მძღოლებს გადაამზადებს.

მინისტრის მტკიცებით, ევროკავშირის ბაზარზე ქართველ მძღოლებზე მოთხოვნაა, შესაბამისად, ამ ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი მძღოლებს საზღვარგარეთ დასაქმებაში დაეხმარება:

“2020 წელს ახალი ტრენინგ-ცენტრის გახსნა იგეგმება. მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში უკვე შევძლებთ დავიწყოთ ამ ცენტრის მშენებლობა. საუბარია ჩვენი სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ეგიდით სწავლებაზე, რომელიც დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ იმდენად მოთხოვნადია ქართველი მძღოლების სერტიფიცირება და მათი ევროპულ ბაზრებზე დასაქმება, რომ ჩავთვალეთ, ცალკე ტრენინგ-ცენტრიც უნდა არსებობდეს. ქართველი მძღოლები, ლოჯისტიკური მენეჯერები და სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული სხვა პროფესიების ადამიანები გადამზადდებიან ამ ცენტრში და ეს სერტიფიკატები აღიარებული იქნება მთელ მსოფლიოში. დღესაც არის აღიარებული, თუმცა ეს წრე უფრო გაფართოვდება. ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დასაქმებას ხელს უწყობს მთელი ევროკავშირის მასშტაბით”.

ნეტგაზეთთან საუბრისას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის სახმელეთო სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხმალაძე ამბობს, რომ ცენტრი მძღოლების გადამზადებას უკვე 2021 წლიდან შეძლებს. მისივე თქმით, სააგენტოს ახალი ცენტრის მშენებლობა დაახლოებით 15 მლნ ლარი დაუჯდება. იმისთვის, რომ მძღოლმა ცენტრში მოსამზადებელი კურსი გაიაროს, მას მინიმუმ C კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება. სახმელეთო სააგენტოს დირექტორი ასევე ამბობს, რომ მომავალ წელს ახალი ცენტრი 500-700-მდე მძღოლის გადამზადებას შეძლებს:

“ეს მძღოლების პროფესიული გადამზადების ცენტრი იქნება. გადამზადება იქნება როგორც პრაქტიკულ, ასევე, თეორიულ ნაწილში. დაგეგმილია ოთხკილომეტრიანი სხვადასხვა სიმულაციებისთვის განკუთვნილი ტრასის მშენებლობა. ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: ეკომართვის კურსი, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის კურსი და ა.შ. ჯერჯერობით ზუსტად ვერ ვიტყვი, თუმცა, სავარაუდოდ, ეს კურსები ფასიანი იქნება, მაგრამ ხელმისაწვდომი. თეორიულ გადამზადებას ახლაც ვაკეთებთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ ცენტრის მშენებლობის შემდეგ პრაქტიკული გადამზადების საშუალება გვექნება. ახლა ტრასა არ გვაქვს, სადაც მძღოლები ტვირთის უსაფრთხოდ დამაგრებას ისწავლიან ან ტრასაზე იქნება ყინულის ეფექტი და სხვა. ამასთან, სატვირთო მანქანანების გარდა, ავტობუსების მძღოლებიც გადამზადდებიან”,-აცხადებს ხმალაძე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, არსებობს თუ არა მოთხოვნა საზღვარგარეთ ქართველ მძღოლებზე, ხმალაძე აცხადებს, რომ მოთხოვნა სხვადასხვა უცხოური კომპანიის მხრიდან ძალიან დიდია. ის ასახელებს პოლონეთს, რუმინეთსა და ბალტიის ქვეყნებს და ამბობს, რომ გადამზადების შემდეგ ისინი ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებას შეძლებენ:

“დღეს ჩვენი მძღოლები ძირითადად პოლონეთში, რუმინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში საქმდებიან და იქაური მძღოლები სამუშაოდ გერმანიაში, შვეიცარიაში და ისეთ ქვეყნებში მიდიან, სადაც ანაზღაურება უფრო მაღალია. ჩვენი მიზანი იქნება, რომ აქ გადამზადებული მძღოლები უკვე ასეთ ქვეყნებში დასაქმდნენ. დღეს გვაქვს ისეთი სიტუაცია, როცა მაგალითად, რუმინელი მიდის გერმანიაში და მის ადგილას ქართველი მძღოლი საქმდება. სააგენტო [გადამზადებულ მძღოლებს] დასაქმებაშიც დაეხმარება. დღესაც გვაქვს ბევრი შემოთავაზება ევროპული კომპანიიდან.. ითხოვენ მძროლებს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვყვავს შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლები. ვინც გვყვავს, დასაქმებულია… მძღოლი შესაძლოა ბევრია, ვისაც მუშაობა უნდა, თუმცა შესაბამისი სერტიფიკატის მქონე მძღოლის დეფიციტია”, – აცხადებს ხმალაძე და დასძენს, რომ სერტიფიცირებული მძღოლები ქართულ ბაზარზეც არიან მოთხოვნადები.

“ევროპაში მოთხოვნა მძღოლებზე ძალიან დიდია. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე მუშაობს… აქაც მოთხოვნაა, საქართველოში”.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ უახლოეს 20 წელიწადში საქართველო  ვერ შექმნის დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილებს და მიაჩნია, რომ გამოსავალი მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში დასაქმებაა. ივანიშვილის ეს ხედვა მთავრობის წევრებმა ერთხმად მოიწონეს.

ამავე თემაზე

„უმუშევრობის ექსპორტი“, როგორც მცდარი პოლიტიკა — ინტერვიუ

მასალების გადაბეჭდვის წესი