ახალი ამბები

არსებობს თეორია, რომ კორონავირუსისგან შესაძლოა წითურას აცრამ დაგვიცვას – იმნაძე

31 იანვარი, 2020 •
არსებობს თეორია, რომ კორონავირუსისგან შესაძლოა წითურას აცრამ დაგვიცვას – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის დირექტორის, ამირან გამყრელიძისა და მისი მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსისგან, შესაძლოა წითელა/წითურას აცრა იცავდეს.

დღეს, 31 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ახალი ტიპის კორონავირუსი მხოლოდ 1 თვეა რაც არსებობს. შესაბამისად, მიმდინარეობს კვლევები და არსებობს ძალიან ბევრი მოსაზრება ვაქცინასთან დაკავშირებით.

„სხვათა შორის, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო თეორია ამერიკელი მეცნიერების არის, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია დაიცვას ამ დაავადებისგან, არასპეციფიკურად…“ ,- ამბობს იმნაძე. ამირან გამყრელიძე კი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც წითელაზე ჯერ არ აცრილან – ვაქცინაცია დროულად გაიკეთონ.

ამ აცრას საზოგადოებისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს.

იმნაძის თქმით, ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ ახალი კორონავირუსით ბავშვები, ფაქტობრივად, არ ავადდებიან, გარდაცვლილთა უმეტესობა კი 70 წელს გადაცილებული ადამიანები არიან, რომლებსაც სხვა ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ჯერ მეცნიერეული მტკიცეულებებით გამყარებული, ამიტომ მე ამ თეორიებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ“, – ამატებს იმნაძე.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა. ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში დღესდღეობით კორონავირუსის 9 000-ზე მეტი დაფიქსირებული შემთხვევა არსებობს.

შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთში აღმოაჩინეს, საზღვარგარეთ კი ვირუსის მხოლოდ 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, მსოფლიოს 19 ქვეყანაში.

საქართველოში ჯერჯერობით არ ფიქსირდება კორონავირუსის არცერთი შემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი