ახალგორის მოსახლეობას ორ თვეში ერთხელ ე.წ. საზღვრის გადალახვის ნებას დართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტზე (КГБ) დაყრდნობით, cominf.org ავრცელებს.
სიახლე იმ პირებს შეეხებათ, რომლებსაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა არ აქვთ და პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ. აღნიშნული პირები, ცხინვალის КГБ-ს თქმით, რაზდახანის გამშვები პუნქტით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ორ თვეში ერთხელ შეძლებენ.
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეს პირები გადასვლას 24 იანვრიდან 6 თებერვლამდე შეძლებენ. “რაზდახანის” გამშვები პუნქტი დილით 8:00-დან 11:00-მდე, ხოლო საღამოს – 17:00-დან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს.
პუნქტ „რაზდახანის“ მორიგი გახსნის თარიღს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ახალგორის მოსახლეობას მოგვიანებით აცნობებს.
ახალგორიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელი პუნქტები უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია, რამაც განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ჩააგდო ახალგორში მცხოვრები მოსახლეობა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ამბობდა, რომ სანამ ქართული მხარე წნელისთან გახსნილ საგუშაგოს არ აიღებს, გამშვები პუნქტები არ გაიხსნებოდა.