ახალი ამბები

სოცმუშაკთა ასოციაციის 3 შეკითხვა მიმდინარე შემცირებაზე

30 იანვარი, 2020 • 1175
სოცმუშაკთა ასოციაციის 3 შეკითხვა მიმდინარე შემცირებაზე

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია სოცმომსახურების სფეროში დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 30-მდე სოცმუშაკი სამსახურიდან გათავისუფლდა, ღია მიმართვას ავრცელებს.

ასოციაცია სახელმწფიო უწყებებს 3 საჯარო შეკითხვით მიმართავს.

“როგორც ცნობილია, პირველი თებერვლიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის დეპარტამენტის მოვალეობები გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. ამ გარდამავალ ეტაპზე, 2020 წლის 29 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს 30 – მდე სოციალურმა მუშაკმა დამსაქმებლისგან მიიღო შეტყობინება 2020 წლის პირველი თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. დათხოვნილი სოციალური მუშაკები აღნიშნავენ, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებაში დათხოვნის მიზეზად მოყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს ზემოთ აღნიშნულ რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები. სოციალური მუშაკების მასობრივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოფიციალური წყაროების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ იგეგმება შტატების რაოდენობის გაზრდა და ახალი კონკურსის გამოცხადება აწ უკვე ვაკანტურ ადგილებზე.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, დაინტერესებულია რა აღნიშნული პროცესების გამჭირვალობით, ოფიციალური უწყებებისაგან მოელის ქვემოთ მოყვანილ შეკითხვებზე პასუხს:

  1. რა გეგმა აქვს სააგენტოს გარდამავალი პერიოდის განმავლობაში (რომელიც შესაძლოა ორი თვე გაგრძელდეს) აწ უკვე დათხოვნილი სოციალური მუშაკების მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით? როგორ გაუმკლავდება დარჩენილი პერსონალი საქმეების ოდენობას? რამდენად იქნება შესაძლებელი ბენეფიციარებისთვის, განსაკუთრებით კი, კრიზისულ და გადაუდებელ შემთხვევებზე მომსახურების დროული და ხარისხიანი მიწოდება?
  2. რა კრიტერიუმებით მოხდა სოციალური მუშაკების დათხოვნა? მოხდება თუ არა სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა, სოციალური მუშაობის შესახებ კანონის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთა მასობრივი გაფიცვების (2019 წ) შემდეგ დაპირების შესაბამისად?
  3. რა მოთხოვნები/კრიტერიუმები იქნება ვაკანტურ ადგილებზე სოციალური მუშაკების შერჩევისას?

იმედს ვიტოვებთ, რომ თითოეული უწყება დროულად მიაწვდის აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციას დაინტერესებულ საზოგადოებას. განსაკუთრებით კი, ველით შესაბამის რეაგირებას სოციალური მუშაობის აქტიური მხარდამჭერის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოციალური მუშაობის კანონის ინიციატორის, ქალბატონი სოფიო კილაძისგან”, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში, ხოლო მიმართვის ადრესატებად, გარდა სოფო კილაძისა, დასახელებულები არიან ჯანდაცვის სამინისტრო, სოცმომსახურების სააგენტო და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი