რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი “სერიოზულ სიგნალს” უწოდებს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ევროსაბჭოს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაციის “კანონის გვერდის ავლით” მიღებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ როგორც ჩანს, “საქართველო მზადაა, რუსეთთან სამშვიდობო ურთიერთობების აღდგენისთვის აქტიური ნაბიჯები გადადგას”.
გავრილოვის შეფასება სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით რუსეთის “საპარლამენტო გაზეთი” ავრცელებს.
სერგეი გავრილოვი, რომლის საქართველოში ვიზიტი და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან ხელმძღვანელობა თბილისში საპროტესტო აქციების დაწყების საფუძველი გახდა, აცხადებს, რომ “მართლმადიდებელი დეპუტატები”, მათ შორის რუსეთიდან, მზად არიან საქართველოში ჩავიდნენ, თუ სალომე ზურაბიშვილის პირობა ნამდვილი აღმოჩნდება.
“როგორც ჩანს, საქართველო მზადაა, გადავიდეს აქტიური ნაბიჯების გადადგმაზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად ყველა მიმართულებით, დიპლომატიური ურთიერთობებისა და ელჩების გაცვლის ჩათვლით. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ფაშიზმზე გამარჯვების იუბილეს მოახლოებასთან ერთდ. საქართველო იყო მრავალეროვანი: რუსები, სოხმები, ქურთები, აფხაზები… ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კვლავ გახდება მრავალეროვნული რესპუბლიკა”, – განაცხადა გავრილოვმა.