აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში მყოფ ორ ჩინელ ტურისტს კორონავირუსზე შემოწმება ჩაუტარდა. ისინი ტურისტულად იმყოფებიან ბათუმში და ორი კვირის წინ შემოვიდნენ. ტურისტებს 37 გრადუსი ტემპერატურა აღერნიშნებოდათ, რის შემდეგაც სასტუმროს ადმინისტრაცია სადაც ტურისტები არიან გაჩერებული, ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ორი ტურისტი ქალი, იმ პროვინციის სიახლოვეს ცხოვრობენ ჩინეთში, საიდაც კორონავირუსი გავრცელდა. „ტურისტები შემოსული არიან უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში საქართველოში, არსებული ზედამხედველობის მიხედვით, ყველა პირს, რომელიც 2 კვირის განმავლობაში შეხება აქვს ჩინეთთან, ვაკვირდებით, თუკი რაიმე სიმპტომები გამოუვლინდებათ.
ამ ორ ტურისტს აღენიშნებოდა 37 გრადუსი ტემპერატურა, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილისთვის გუშინ შემოწმდა ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, აბსოლუტურად გამოირიცხა ყველა საეჭვო ნიშანი, რადგან პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობენ თავს. დღეს დილით, ისევ მოხდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება და ცხელება არ აღენიშნებათ“,- ამბობს ნინო ნიჟარაძე.
მისი თქმით, ტურისტები არ არიან საფრთხის მატარებელი, ამიტომ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან და დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრთან შეთანხმებით, მათზე რაიმე სახის შეზღუდვა არ დაწესებულა, „გარდა ზედამხედველობისა. მათ აქვთ ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან“-ამბობს ნიჟარაძე.
ჩინეთში პნევმონია გასული წლის დეკემბერში აფეთქდა. ჩინეთის ხელისუფლებამ იანვარში განაცხადა, რომ კორონავირუსი გადამდებია. დღეის მონაცემებით ვირუსით ჩინეთში 131 ადამიანი გარდაიცვალა და თითქმის 1500 ინფიცირებულია.