დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ამ მოწვევის პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.
ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ისედაც პოლარიზებულ გარემოში საგამოძიებო კომისიის საქმიანობა პარტიული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
“კომისია მუშაობს 6 თვის განმავლობაში. ეს არის საკითხი, რომელზეც მუშაობის ნაწილი მაინც უნდა იყოს კონფიდენციალური. ეს საქმე მთლიანად ვერ გაიხსნება. ეს 6 თვე, რა პერიოდიც გველის წინ, არის პოლიტიკურად უკიდურესად დაძაბული და პოლარიზებული. მე რომ მქონდეს განცდა, რომ კომისიის შემთხვევაში პარტიები, რომლებიც ჩართულები იქნებიან, კეთილსინდისიერად, მიზნისთვის და არა პარტიული მიზნებისთვის გამოიყენებენ ამას, სხვა მიდგომა მექნებოდა. დარწმუნებული რომ, კომისიის მუშაობის მთელი პერიოდი იქნება ჰიპერპოლარიზებული და პარტიული მიზნებისთვის გამოყენებული”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
დეპუტატის თქმით, სტრასბურგის სასამართლო არის ის ინსტიტუცია, რომელიც პასუხებს გასცემს მაჩალიკაშვილის საქმეზე არსებულ კითხვებს, თუ ასეთი არის დარჩენილი. თუ მაინცდამაინც საპარლამენტო კომისიაზეა საუბარი, ჩუგოშვილის აზრით, უპრიანია, ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნას.
პროკურატურამ თერმირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ უწყებამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამოძიება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
“ერთიან ნაციონალური მოძრაობას” პარლამენტში ინიცირებული აქვს დადგენილების პროექტი “2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე”. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედი, ე.ი. 50 დეპუტატის მხარდაჭერით. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება. ამჟამად პარლამენტში 54 დეპუტატია, რომელიც უმრავლესობის მიღმა პლატფორმაზე პოზიციონირებს, “პატრიოტთა ალიანსისა” და “ქართული ოცნებიდან” გასული დამოუკიდებელი დეპუტატების ჩათვლით.