ახალი ამბები

არაკომპეტენტური, მიუღებელი – ოპოზიცია პრეზიდენტის PACE-ში გამოსვლაზე

28 იანვარი, 2020 • 1345
არაკომპეტენტური, მიუღებელი – ოპოზიცია პრეზიდენტის PACE-ში გამოსვლაზე

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის PACE-ში გამოსვლას აკრიტიკებენ. მათი განმარტებით, გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა სწორი აქცენტების დასმა. გარდა ამისა, ოპონენტების თანახმად, მან არაკომპეტენტური განცხადებები გააკეთა მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით და არ უსაუბრია პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ უარყოფითად შეაფასა სალომე ზუაბიშვილის პასუხი უკრაინელი დეპუტატის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას ეხებოდა:

„ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერმა უკრაინელმა პატრიოტმა დეპუტატებმა კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ზურაბიშვილი მხარს, რომ საქართველოს გამო — არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს გამო — პუტინის რუსეთს შეექმნას საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემა, მიიღო პასუხი, რომ არა, არ უჭერს საქართველოს ხელისუფლება მხარს, რომ რუსეთს ჰქონდეს პრობლემა“, – განაცხადა ბოკერიამ ბრიფინგზე.

გიგა ბოკერიამ გააკრიტიკა ზურაბიშვილის სიტყვის ხანგრძლივობაც და თქვა: „პროცედურულ საკითხშიც თავი მოგჭრა ყველას. ვინც იქ არის, არ ახსოვს, რომ საქართველოს მეთაურს დაემსახურებინოს შენიშვნა პროცედურულ საკითხზე დეპუტატებისგან იმიტომ, რომ მან ისაუბრა 50 წუთი და აშკარა გახდა ყველასთვის, რომ დროს წელავს, რომ კითხვებისთვის ცოტა დრო დარჩეს“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა იყო სუსტი და პოლიტიკურად მიუღებელი:

„როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოდის მსგავს ფორუმზე და ძალიან დიდხანს საუბრობს და მხოლოდ ბოლოს იწყებს საუბარს მთავარ პრობლემაზე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, ეს უკვე ყველაფრის მთქმელია. ეს იყო ძალიან სუსტი, არა მხოლოდ სუსტი, არამედ პოლიტიკურად მიუღებელი გამოსვლა და ქალბატონი ზურაბიშვილი ამაზე შესაბამის პასუხს მიიღებს ჩვენი საზოგადოებისგან“, – თქვა სალომე სამადაშვილმა TV პირველთან საუბრისას.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ყოველთვის არაკვალიფიციურია:

„ის არ შეეხო საერთოდ პროპორციულ არჩევნებს, განსხვავებით შემოდგომაზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, სადაც მან ძალიან ამაყად განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩავატაროთ არჩევნები, სრული კონსენსუსით ოპოზიციასთან, ახლა ეს არ თქვა… ძალიან არაკვალიფიციური არის ყოველთვის და მისი ყოველი გამოსვლა და ქვეყნის გარეთ, მით უმეტეს, შემაშფოთებელია ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ კარგი, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც კარგად იციან, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა უნდა დაიცვან საქართველოს ინტერესები და არა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ინტერესები, რომელიც ასცდა ქართულ ორიენტირებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს“, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა TV პირველთან საუბრისას.

ზურაბიშვილი გააკრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემაც. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატის გამოცდილებასთან და ბიოგრაფიასთან შეუსაბამოდ ისაუბრა PACE-ში გამოსვლისას. დოლიძის თქმით, პრეზიდენტმა ზედაპირულად შეაფასა საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა სასამართლოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:

„სალომე ზურაბიშვილი არის თავისი თქმით და მისივე ბიოგრაფიიდან გამოცდილი დიპლომატი და სხვამ თუ არა, ვინ უნდა იცოდეს, რამხელა მნიშვნელობის არის, როდესაც შენი მეგობრები და საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან მწვავედ და არაერთხელ აკრიტიკებენ, მაგალითად, სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს. ევროსაბჭოდან პირდაპირ გაისმა ძალიან მწვავე და მწვავე კრიტიკა მოსამართლეების დანიშვნის მიმართ და პირდაპირ ითქვა, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, სანამ არ იქნება რეფორმა. ამ ყველაფრის გაგება ნამდვილად მოეთხოვება სალომე ზურაბიშვილის მქონე ბიოგრაფიის ადამიანს. სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ არ შეიძლება ზედაპირულად შეფასება იმ ძალიან მწვავე შენიშვნებისა, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით მოვიდა თავად ევროსაბჭოდანაც კი“, – განაცხადა ანა დოლიძემ TV პირველთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს, 28 იანვარს გამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი