ახალი ამბები

ბრიტანელ მოგზაურს თბილისში მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს

28 იანვარი, 2020 •
ბრიტანელ მოგზაურს თბილისში მოპარული ველოსიპედი დაუბრუნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ბრიტანელი მოგზაურის, როუან კემპბელის მოპარული ველოსიპედი იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს.

როგორც შსს აცხადებს, მიმდინარე წლის 25 იანვარს პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დროებით მცხოვრებ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, როუან კემპბელს საკუთარი ველოსიპედი მოჰპარეს, რომელიც სახლთან ჰქონდა გაჩერებული. მეპატრონის განცხადებით, ველოსიპედზე დამაგრებული იყო ჩაფხუტი და 2 ჩანთა. შეტყობინების მიღებისთანავე ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. 

პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრიტანელი მოგზაურის ველოსიპედს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიაკვლია და სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

„სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ვბრუნდებოდი, თუმცა ორი დღის წინ ჰოსტელის გარეთ დატოვებული ველოსიპედი მომპარეს. 11 ქვეყანა და 7500 კმ ველოსიპედით გამოვიარე და მოგზაურობის გაგრძელება მინდა, თუმცა, თუ ჩემს ველოსიპედს ვერ ვიპოვი, ჩემი მოგზაურობა დასრულდება,” – აღნიშნული პოსტი მოგზაურმა Facebook-ზე ერთ-ერთ ჯგუფში გამოაქვეყნა.

სანამ შსს მოპარულ ველოსიპედს იპოვიდა, ველოსიპედების მაღაზია bikes.ge-მ მას ახალი ველოსიპედი აჩუქა.

მასალების გადაბეჭდვის წესი