საქართველოს ეკნონომიკის მინისტრი ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდეს.
მინისტრი ხაზს უსვამს, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით კვლავაც ნაკლები საფრთხის ზონაში მყოფ ქვეყნად მიიჩნევა, თუმცა დამატებითი უსაფრთხოებისთვის ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება, თურნავას თქმით, აუცილებელია:
“ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე სკრინინგი ხორციელდება, რაშიც ჩვენც ვართ ჩართულები, მაგრამ ალბათ მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის ზონაში მყოფ ქვეყნად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი, რომ უფრო მშვიდად ვიყოთ”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად საკოორდინაციო ჯგუფშია გაერთიანებული, რომელიც “ყველაფერს აკეთებს აუცილებელი პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად.”
ჩინეთში კორონავირუსის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლი, 2700-ზე მეტი კი ინფიცირებულია. ჩინეთის გარდა ვირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-სა და კანადაში.
საქართველოში უკვე მიღებულია სხვადასხვა ზომები – აეროპორტში ჩამოსული მგაზვრები ვირუსზე მოწმდებიან, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ამჟამად საფრთხე არ ემუქრებათ.