ახალი ამბები

მიუხედავად მუქარისა, თბილისში შესაძლებელი გახდა პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარება – ზალკალიანი

28 იანვარი, 2020 • 2053
მიუხედავად მუქარისა,  თბილისში შესაძლებელი გახდა პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარება – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანმა ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ მიუხედავად მუქარისა, თბილისში შესაძლებელი გახდა პრაიდის ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში სიტყვით გამოვიდა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ბელგიელმა დეპუტატმა სოციალისტთა ჯგუფიდან ფურატ ბენ ჩიკამ ზალკალიანს ჰკითხა, როგორ აპირებს სახელმწიფო, დაიცვას ლგბტი პირების უფლებები, ებრძოლოს მათ ინსტრუმენტალიზაციას და ჰომოფობიას, განსაკუთრებით მომავალი არჩევნების კონტექსტში.

“ლგბტ საკითხებს სისტემატურად იყენებენ ინსტრუმენტად ქართველების სხვადასხვა ჯგუფს შორის სიძულვილის გასაღვივებლად. მაგალითად, ბოლო პრაიდზე ივლისში და ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” – ჩვენებაზე ნოემბერში საზოგადოება გაიყო”, – განაცხადა ბენ ჩიკამ.

დავით ზალკალიანის თქმით, სექსუალურ ორიენტაციაზე და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული დისკრიმინაცია ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება.

“თუმცა LGBTI პირების უფლებების პატივისცემა ისევ ძალიან სუსტია რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეასრულონ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და ასეთი დისკრიმინაცია თავიდან აიცილონ. მათ, ასევე, უნდა აღასრულონ ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. 2010 წელს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაციები წევრი სახელმწიფოებისთვის სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ ინდენტობაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მინისტრთა კომიტეტი თებერვლის შუა რიცხვებში  განიხილავს ახალ ანგარიშს ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დოკუმენტი გასაჯაროვდება”, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ანგარიში საქართველოში არსებულ სიტუაციასაც მიმოიხილავს.

“ჩვენ გადავხედეთ ჩვენს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობას, გავაფართოვეთ პირდაპირი დისკრიმინაციის ნიშნების არეალი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დამატებით. ამ ზომებს თან ახლდა იმპლემენტაციის შესაბამისი ორგანოების შექმნა, კვლევები და საინფორმაციო კამპანიები ცნობიერების ამაღლების კუთხით. ახლახან, მიუხედავად მუქარისა, შესაძლებელი გახდა პრაიდის ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარება თბილისში. ყოველთვის დიდია ყურადღება ხელისუფლების, პოლიტიკოსების, საჯარო ფიგურების მხრიდან, რომლებიც გმობენ თავდასხმებს და ლგბტი პირების გამოხატვის თავისუფლების დარღვევებს”, – განაცხადა ზალკალიანმა.


2019 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც, ლგბტქ+ პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ ღირსების მარში“ გამართეს. თუმცა აღნიშნულს წინ უძღოდა პრაიდის გეგმების შეცვლა სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივი მუქარებისა და 20-21 ივნისის აქციის დარბევის გამო.

მოგვიანებით, ორგანიზატორებმა პრაიდი მაინც გამართეს, თუმცა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები თავად მიიღეს და განაცხადეს, რომ შსს-მ მათ დაცვაზე უარი განაცხადა.

“იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს განუცხადა, რომ თბილისი პრაიდი “პროვოკაციას აწყობს” და ისინი არ აპირებენ თანამშრომლობას. სამინისტროს წარმომადგენლებიც და მმართველი პარტიის ლიდერებიც თანმიმდევრულად ცდილობდნენ პრაიდის დელეგიტიმაციას – ისინი ჩვენ ღიად მოგვიხსენიებდნენ ოპოზიციური პარტიების მიერ მართულ ჯგუფად”, – განაცხადეს პრაიდის ორგანიზატორებმა.

ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი