ახალი ამბები

ვუჰანში მყოფი 5 მოქალაქე ამ ეტაპზე უსაფრთხოდაა – საგარეო უწყება

27 იანვარი, 2020 • 802
ვუჰანში მყოფი 5 მოქალაქე ამ ეტაპზე უსაფრთხოდაა – საგარეო უწყება

საქართველოს 5 მოქალაქე, რომელიც ვუჰანში – ახალი კორონავირუსის გავრცელების თავდაპირველ ქალაქში იმყოფება, ამ ეტაპზე უსაფრთხოდაა, ხოლო ჩინეთში საქართველოს საელჩო 24- საათიან რეჟიმში მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში უწყება აღნიშნავს, რომ საელჩო მუდმივ კონტაქტშია ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში მყოფ ქართველებთან.

გარდა ამისა, სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ელჩმა იქ მყოფ მოქალაქეებს მიმართა და „გააცნო შექმნილ ვითარებაში მათთვის საჭირო ინფორმაცია კომუნიკაციის, საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების კუთხით, ასევე, ჩინეთის მთავრობისა და უხანის მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული პრევენციული ზომების, ეპიდემიის პირობებში შესაბამისი სანიტარული მოთხოვნების შესახებ“.

აგრეთვე, სამინისტროს განცხადებით, „საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ქ.უხანის მუნიციპალიტეტთან და, შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ინფორმირებულია მიმდინარე პროცესების შესახებ. მათ შორის, მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც ჩინეთის, ისე სხვა პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობებთან“.


ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის შედეგად ამ მომენტისთვის გარდაიცვალა 80 ადამიანი, ინფიცირებულია 2700-ზე მეტი. ლეტალური შემთხვევების უმრავლესობა – 76 დაფიქსირდა ვირუსის გავრცელების პირველ წერტილში, ქალაქ ვუჰანში.

კორონავირუსით დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა სხვა ქვეყნებშიც – აშშ-ში, ავსტრალიაში, საფრანგეთში და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი