ოქრუაშვილის თქმით, ფოსტაში მისი სტრასბურგში გასაგზავნი საჩივარი განგებ დაკარგეს

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მის მიერ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი საჩივარი დაიკარგა. პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ წერილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო და სინამდვილეში საქართველოს ფოსტას არ დაუკარგავს.

საუბარია აღკვეთის ღონისძიების გადახედვასთან დაკავშირებულ საჩივარზე. ოქრუაშვილი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ამბობს, რომ წერილს სტრასბურგში მისი მეგობარი პირადად წაიღებს. ოქრუაშვილის ადვოკატის თქმით, ამის მიზანი პროცესის გაჭიანურება იყო, რადგან ოქრუაშვილს გასაჩივრების ვადა 25 იანვარს ეწურებოდა.

“სამი თვეა საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა. სინამდვილეში სუს-მა ამოიღო. 21-ე საუკუნეში ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ ყველაზე დებილი ქოცის თავში შეიძლება მოიხარშოს. ორი კვირის წინ ხელახლა ამოვაბეჭდინე, ჩემს ერთ მეგობარს სტრასბურგის ბილეთი ავუღე და საბუთებიანად გავგზავნე. ხანდახან მგონია, რომ ბიძინაც და მისი გარემოცვაც, ჰომო სოვიეტიკუსის გარდა , ჰომო საპიენსებიც არიან და დროს ასცდნენ”, – ნათქვამია ოქრუაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით 20-21 ივნისის მოვლენებზე დააკავეს. ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, ოქრუაშვილს ბრალი სხვა საქმეზეც წარუდგინეს, კერძოდ, მას და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენეს ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე – ყოფილ თანამდებობის პირებს გამოძიება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” საქართველოს ფოსტას დაუკავშირდა. კომპანიაში ამბობენ, რომ გამგზავნის (ოქრუაშვილის) განცხადების საფუძველზე დეტალური მოკვლევა ჩატარდა და დადასტურდა გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება.

“აღნიშნულ გზავნილთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტას გამგზავნის განცხადების საფუძველზე განახორციელა დეტალური მოკვლევა, რომლის შედეგებიც გადაეგზავნა გამგზავნს, სადაც დასტურდება გზავნილის ჩაბარება ადრესატისთვის”, – მოწერეს ნეტგაზეთს საქართველოს ფოსტიდან.

ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი საქართველოს ფოსტისგან პასუხის მიღებას არ ადასტურებს. ადვოკატი ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ საჩივარი 14 ნოემბერს პირადად მიიტანა საქართველოს ფოსტის ვაკის ფილიალში. მას შემდეგ კი, რაც 10 დღის ვადაში წერილი სტრასბურგის სასამართლოში არ მივიდა, ფოსტაში განცხადება დაწერა, რომ დოკუმენტის ძებნა დაწყებულიყო.

ადვოკატი ამბობს, რომ მას შემდეგ რამდენჯერმე იმყოფებოდა ფოსტის ამავე ფილიალში, თუმცა არც სიტყვიერი და არც წერილობითი განმარტება საჩივართან დაკაშირებით არ მიუღია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.