ახალი ამბები

ტრამპმა დაგვირეკა და იმიტომ მოგვივიდა – დავითულიანი ხაბეიშვილის ცემაზე

27 იანვარი, 2020 •
ტრამპმა დაგვირეკა და იმიტომ მოგვივიდა – დავითულიანი ხაბეიშვილის ცემაზე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ცემას და უარყო, თითქოს ხაბეიშვილის ცემა დაგეგმილი იყო.

„ჯერ ვინმე გეგმავდა მის ცემას და მერე კიდე ზევიდან გეგმავდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები … [აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ] ტრამპმა დაგვირეკა, ხო, და იმიტომ მოგვივიდა ეს ამბავი“, — თქვა ბექა დავითულიანმა 27 იანვარს ტვ პირველის კითხვაზე პასუხად.

ლევან ხაბეიშვილს პარასკევს, 24 იანვარს სცემეს თბილისის საკრებულოში. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, მას რამდენიმე პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შსს-მ ხაბეიშვილის ცემაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

წინა კვირას ხაბეიშვილის ცემის შემდეგ დავითულიანმა თქვა: „ჩემი აზრით, ორი წელია, ხაბეიშვილი ცდილობს, რომ გაილახოს. სამწუხაროდ, მიაღწია მიზანს“.

დღეს ხაბეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არ ამართლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა, როგორც წინა კვირას, ხაზი გაუსვა ხაბეიშვილის ნათქვამს „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე:

„არ ვამართლებ არც ფიზიკურ დაპირისპირებას და შეურაცხყოფას, და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას და არ მგონია მე პოლიტიკა იმის ადგილი, სადაც პერსონალურად ადამიანებს უნდა მიუბრუნდნენ პოლიტიკოსები და უნდა არაკაცო და ფარჩაკო უძახონ“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი