დღეს, 17 აპრილს, ლევან ხაბეიშვილის საქმეზე დაიკითხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომელი, შოთა პაპუაშვილი. ის ერთ-ერთია სამ სპეცრაზმელს შორის, რომლებიც პროკურატურის მოწმეები არიან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე.

ლევან ხაბეიშვილს “ქრთამის შეთავაზებასა” და “ხელისუფლების დამხობისკენ” მოწოდებას ედავებიან. ბრალდება ეფუძნება პოლიტიკოსის საჯარო მიმართვას ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი სპეცრაზმელებისადმი 2025 წლის ივლისში.

ხაბეიშვილმა თქვა, რომ “ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში”, “ვინც იარაღს, უბრალოდ, არ ისვრის“ 200 000 დოლარი უნდა მიიღოს ჯილდოს სახით. ეს განცხადება მან 4 ოქტომბრის აქციის კონტექსტში გააკეთა. თუმცა, აქციამდე ერთი თვით ადრე, 11 სექტემბერს დააკავეს.

“მოწმე იძახის, რომ არაფერი არ იცის, არაფერი არ დაუნახავს, არაფერი გაუგონია. მოვიდა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ ხაბეიშვილია დასაჭერიო” – ასე შეაჯამა ბრალდებულმა შოთა პაპუაშვილის გამოკითხვა, იქამდე კი სპეცრაზმელს არაერთი კითხვა დაუსვა.

ნეტგაზეთი მოკლედ მიმოიხილავს შოთა პაპუაშვილის დაკითხვის ძირითად მონაკვეთებს:

მოწმემ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში 2010 წლიდან მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე. უშუალოდ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია 2013 წლიდან. 2025 წლის ზაფხულიდან ის დააწინაურეს და გახდა ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. პაპუაშვილმა თქვა, რომ მისი სამმართველოს მოვალეობა არის მასობრივი ღონისძიებებისას მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა.

შოთა პაპუაშვილი (ფოტო მისი ფეისბუქ-ვერდიდან)

შოთა პაპუაშვილმა თქვა, რომ 2025 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ნახა ლევან ხაბეიშვილის ვიდეოები, სადაც ის სპეცრაზმელებს მოუწოდებს, არ შეასრულონ საკუთარი მოვალეობა, უარი თქვან სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, უარი თქვან წვრთნებსა და ვარჯიშებში მონაწილეობაზე და სამსახურიდან გამოიტანონ საიდუმლო ინფორმაცია, სანაცვლოდ კი 200 000 დოლარი შესთავაზა.

“დაახლოებით 7-8 ასეთი სიუჟეტი იყო გასული”, – თქვა შოთა პაპუაშვილმა.

პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა მოწმეს ჰკითხა, მის მიერ ნანახ ვიდეოებში იყო თუ არა დაკონკრეტებული “პირთა წრე”, ვისაც ხაბეიშვილის განცხადება მიემართებოდა.

“ზოგადად იყო მოწოდება გდდ-ის თანამშრომლებზე, კონკრეტულად პიროვნებებზე არ იყო საუბარი”, – განაცხადა სპეცრაზმელმა.

“ანუ ყველას ეხებოდა?” – ჩაეკითხა პროკურორი.

“რა თქმა უნდა” – უპასუხა მოწმემ.

ამის შემდეგ, პროკურორმა მოწმეს ჰკითხა, მისი აზრით, რას ემსახურებოდა ხაბეიშვილის განცხადება.

“ამ თანხის შეთავაზების ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, იყო გდდ-ის თანამშრომლების და პოლიციელების, ასე ვთქვათ, გადმობირება. შესაბამისად, ეს ყველაფერი იქნებოდა მათ სასარგებლოდ”, – განაცხადა შოთა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ხაბეიშვილის განცხადება თანამშრომლებთანაც განიხილა, რადგან “ყველამ ნახა ეს ვიდეოები”. შოთა პაპუაშვილი ამბობს, რომ სპეცრაზმელებს შორის “ბუნებრივია, ნეგატიური განწყობა იყო”.

ლევან ხაბეიშვილი: “ქრთამი ახსენე, პირადად დაგიკავშირდი და შემოგთავაზე?”

შოთა პაპუაშვილი: “რა შუაშია? არა.”

ლევან ხაბეიშვილი: “რომ ილაპრაკეთ სამსახურში თანამშორმელბმა, რა თქვეს, რომელიმეს ხომ არ დავკავშირებივარ?”

შოთა პაპუაშვილი: “არავის უსაუბრია მაგ საკითხთან დაკავშირებით, რომ ლევან ხაბეიშვილი დაუკავშირდა გდდ-ის რომელიმე თანამშრომლეს და შესთავზა ქრთამი.”

ლევან ხაბეიშვილი: “არ დაგკავშირებივართ არც თქვენ, არც თქვენს თანმშორმელს. უბრალოდ ვიდეოს უყურეთ, სადაც არ გახსოვთ წინადადებები, რომლებიც მე ვთქვი, მაგრამ ასე აღიქვით [რომ ქრთამს სთავაზობდა და გადაბირება უნდოდა], ხომ?”

პროკურორი ბექა ხუნაშვილი: “აღქმა რა შუაშია?”

ლევან ხაბეიშვილი: “ამ ადამიანის აღქმების გამო ვზივარ ციხეში.”

პროკურორი ბექა ხუნაშვილი: “თქვენ ციხეში ზიხართ იმ ქმედებების გამო, რომელიც ჩაიდინეთ.”

რა (ვერ) გაიგო მოწმემ ხაბეიშვილის განცხადებიდან

ხაბეიშვილმა პაპუაშვილს ჰკითხა, მოუსმინა თუ არა როდის და საიდან მიიღებდნენ დასახელებულ თანხას სპეცრაზმელები. მოწმემ ბრალდებულს უპასუხა, რომ მის ნანახ ვიდეოებში ამაზე საუბარი არ იყო.

“ნებისმიერი თანხის შეთავაზება არის უკანონობა” – განაცხადა მოწმემ.

“ხელფასი და პრემიაც იგულისხმება?” – იკითხა ადვოკატმა.

ამის შემდეგ, ხაბეიშვილი დაინტერესდა, შსს-ში მუშაობის 16 წლის განმავლობაში მიუღია თუ არა მოწმეს ოდესმე პრემია, დანამატი, ან ჯილდო. შოთა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ სამივე მიუღია.

“არ მოგისმენიათ, რომ ეს იქნებოდა ჯილდო, როგორიც თქვენ თურმე ბევრჯერ მიგიღიათ, მათთვის, ვინც არ სცემს მოქალაქეს, არ აწამებს ხალხს, არ დაარღვევს კანონს, დარჩება კონსტიტუციის ფარგლებში?”, – იკითხა ხაბეიშვილმა.

“მე მოვუსმინე, რომ იმ თანხის სანაცვლოდ გდდ-ის თანამშრომლებმა არ შეასრულონ მოვალეობაო …” – უპასუხა მოწმემ.

ლევან ხაბეიშვილი: “არ აწამოთ ხალხი და კანონის შესაბამისდ შეასრულეთ მოვალეობა-მეთქი რომ ვთქვი არ მოგისმენია, მხოლოდ თანხა მოისმინეთ […] ისიც გეთქვა საიდან მოდის ეს თანხა – სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

შოთა პაპუაშვილი: “რა ხელისუფლების შეცვლაზეა საუბარი? 200 000 დოლარი იყო შემოთავაზებული და ეს იყო ჩემთვის მიუღებელი”.

ამის შემდეგ ხაბეიშვილმა მოწმეს ჰკითხა, სრულად რომ მოესმინა მისი განცხადება – რომ 200 000-ს სთავაზობდა იმ სპეცრაზმელებს, რომლებიც არ შეასრულებდნენ უკანონო დავალებებს, რომ ეს თანხა იქნებოდა ჯილდო, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადაუხდიდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – მაინც ჩათვლიდა თუ არა, რომ ეს იყო ქრთამის შეთავაზება.

პროკურორის მოთხოვნით ეს კითხვა მოიხსნა. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განმარტა, რომ მოწმე არ არის ვალდებული უპასუხოს ჰიპოთეზურ კითხვებს. ხაბეიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ ეს კითხვა არ იყო ჰიპოთეზური, რადგან ხსენებულ ვიდეოებში სწორედ ამას ამბობს. მოსამართლემ ბრალდებულს უპასუხა, რომ ვიდეო-მტკიცებულებები ჯერ არ გამოუკვლევიათ, ამიტომ მას არ აქვს ნანახი ეს ვიდეოები.

როგორ გახდა შოთა პაპუაშვილი მოწმე 

შოთა პაპუაშვილმა თქვა, რომ მას დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) გამომძიებელი და უთხრა, “თანხის შეთავაზებასთან დაკავშირებით უნდა გამოგკითხოთო”. ხაბეიშვილის კითხვის საპასუხოდ, მან თქვა, რომ არ ახსოვს გამომძიებლის სახელი.

ამის შემდეგ დაცვის მხარე დაინტერესდა, რა კრიტერიუმით შეარჩიეს ამდენ სპეცრაზმელს შორის მაინცდამაინც ის.

პაპუაშვილმა თქვა, რომ სუს-სა და გდდ-ის შორის იყო წერილობითი კომუნიკაცია. ამ მიმოწერისას სუს-მა გდდ-ს სთხოვა 3 სპეცრაზმელის გამოყოფა, რომლებსაც მოწმის სახით დაჰკითხავდნენ.

ლევან ხაბეიშვილი: მე მაინტერესებს 20-30 ათასი ძალოვანიდან თქვენი როგორ და რატომ შეგარჩიეს?”

შოთა პაპუაშვილი: “შერჩევის კრიტერიმებზე საუბრობთ?”

ლევან ხაბეიშვილი: “მოწმეები გამომიყავიო ხომ უთხრა სუს-მა გდდ-ს?! თქვენ როგორ გამოგყვეს, ეგ მაინტერესებს”

შოთა პაპუაშვილი: “სუს-სა და გდდ-ს შორის წერილობითი მიწერის საფუძველზე, გამოყეს ერთი თანამდებობის პირი, მეორე, შეიძლება, საშალო თანამდებობის პირი და მესამე …”

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი: “ეგ გავიგეთ. უშუალოდ თქვენ როგორ შეგარჩიეს, დიდ დარბაზში შეგკრიბეს და თქვენ ხელი აიწიეთ, თუ რა კრიტერიუმით შეგარჩიეს?”

შოთა პაპუაშვილი: “არ ვიცი რა კრიტერიუმები არსებობს, რის საფუძველზე მოხდა შერჩევა. შეიძლება სხვა ყოფილიყო ჩემ ადგილზე”.

ლევან ხაბეიშვილმა განმარტა, რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, რის მიხედვით შეარჩიეს მოწმედ გამოკითხული სპეცრაზმელები: მან გაიხსენა 2024 წლის გაზაფხულზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციისას მისი დაკავებისა და სასტიკად ცემის ფაქტი. ხაბეიშვილი ამბობს, რომ სპეცრაზმელებს, რომლებიც მაშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ მასთან პირადი დამოკიდებულება აქვთ და ივარაუდა, რომ მიმდინარე საქმეზე მოწმეთა შერჩევის კრიტერიუმი სწორედ ეს იყო:

“შესაძლოა მოწმეები ზუსტად იმ ნიშნით შეარჩიეს, მონაწილეობდნენ თუ არა ჩემ საქმეში [ცემის]”, – თქვა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი: “მონაწილეობდით თუ არა იმ კრიმინალურ მოქმედებაში რომელიც ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა?”

შოთა პაპუაშვილ: “არა, ღმერთმა დამიფაროს […] არ ვარ ის კატეგორია, რომ თუნდაც აქციაზე ხალხის ცემა-ტყეპა დავიწყო.”

ლევან ხაბეიშვილი: “საზოგადოებამ განსაჯოს, რა კატეგორია ხარ.”

შოთა პაპუაშვილმა ვერ გაიხსენა ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი. თუმცა, განმარტა, რომ 2025 წლამდე, 7 წლის განმავლობაში, არ მონაწილეობდა აქციებში გდდ-ში მისი პოზიციიდან გამომდინარე. მან თქვა, რომ 2024 წელს იყო სასწავლო-მონიტორინგის ცენტის საბრძოლო მომზადების ინსტრუქტორი. 2025 წელს, მას შემდეგ რაც მასობრივი ღონისძიებების მართვის სამმართველოში გადაიყვანეს, 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობდა – თავის დანაყოფთან ერთად საკრებულოს შენობაში იყო.

ნაცემი ლევან ხაბეიშვილი, 2024 წლის მაისი

მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიხსენა “რომელ წამებას გულისხმობდა” ლევან ხაბეიშვილი, აღნიშნა, რომ სხვა სპეცრაზმელების მსგავას ემიჯნება ძალადობას.

“რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, რომ ლევან ხაბეიშვილზე იძალადეს. ასევე, არ არის სასიამოვნო, რომ აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკის გამოყენებით პოლიციელებზე იძალადეს”, – თქვა შოთა პაპუაშვილმა.

“შური იძიეთ?” – გაისმა დარბაზში კითხვა, რომელიც უპასუხოდ დარჩა.

რატომ არ შეატყობინა პოლიციას სავარაუდო დანაშაულის შესახებ გდდ-ის მაღალჩინოსანმა

ლევან ხაბეიშვილი დაინტერესდა, რატომ არ მიმართა პოლიციას სპეცრაზმელმა იქამდე, სანამ სუს-დან დაუკავშირდებოდნენ, თუ მისი განცხადება დანაშაულად აღიქვა.

ლევან ხაბეიშვილი: “ასე მძიმე დანაშაულად თუ აღიქვით ჩემი ნათქვამი, რას ლაპარაკობს ეს ხაბეიშვილიო, ქრთამი როგორ შემოგვთავაზაო განგიხილავთ სამსახურში, შსს-ში მუშაობის ამხელა სტაჟის მქონე ადამიანმა, რატომ არ მიმართე გამოძიებას? სუს-მა დამირეკაო რომ ამბობ, მანამდე რატომ არ უთხარი?

შოთა პაპუაშვილი: “იმიტომ არ ვუთხარი, რომ ჩემი გადასაწყვეტი არ იყო”

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი: “თქვენ ბრძანდებით მაღალი თანამდეობის პირი. მით უმეტეს, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. თქვენი ვალდებულებაა კანონების ცოდნა. არ იცით, რომ თუ შეიტყობთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, უნდა შეატყობინოთ სამართამდამცვ ორგანოებს? რატომ დაელოდეთ სუსიდან დარეკვას, როცა პირდაპირი ვარდებულება გაქვთ, რომ სავარუდო დანაშალის შესახებ შეგეტყობინებინათ?”

პროკურორი ბექა ხუნაშვილი: “თქვენ რატომ არ შეატყობინეთ?” [მიმართავს ადვოკატს]

ლევან ხაბეიშვლი: “იმიტომ, რომ არ არის დანაშაული. ეს კაცი [მოწმე] აბობს, რომ დანაშაულია. თუ ასე ფიქრობს, რატომ არ შეატყობინა?”

შოთა პაპუაშვილი: “ამ შემთხვევაში, შესაბამისი სამსახური დაინტერესდა და ჰქონდა რეაგირება. ეს არის ჩემი პასუხი.”

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი: “ახლა რომ გახვალთ ქუჩაში და ვიღაცამ ფული შემოგთავაზოთ, გითხრათ, რომ სანაცვლოდ ეს არ გაკეთოო, რას იზამთ, დაელოდებით სუსიდან როდის დაგირკეავენ?”

შოთა პაპუაშვილი: “აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოისმინა ყველამ [ხაბეიშვილის განცხადება]. შემდეგ, შესაბამისმა სამსახურმა მოახდინა რეაგირება.”

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი: “სუს-ის თანამშორმელს რომ არ დაერეკა და გამოკითხვაზე არ დაებარებინეთ, ეს დანაშუალი, რაზეც საუბრობთ – ქრთამის შეთავაზება – დარჩებოდა დაუსჯელი?”

შოთა პაპუაშვილი: “ხომ გითხარით, მე რომ არ ვყოფილიყავი, სხვა იქნებოდა”

პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა თქვა, რომ შესაძლოა მოწმეთა სიიდან ამოიღონ ის ორი სპეცრაზმელი, რომლებიც შოთა პაპუაშვილის მსგავსად გამოკითხულები არიან გამოძიების ფარგლებში. მომავალი სხდომაზე მხარეები ვიდეო-მტკიცებულებების გამოიკვლევენ.

სხდომის დასასრულს ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლეს და პროკურორს მიმართა:

“ციხე როგორია, ბატონო მოსამართლე, იცით?! თავიდან წუთებს ითვლი, მერე საათებს, მერე დღეებს, მერე კვირებს, მერე გადადიხარ თვეებზე. ბატონო ბექა [პროკურორი ბექა ხუნაშვილი], იმედია წლების დათვლაზე არ გადავალ”.

ამის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლე ხუსკივაძეს 10 წუთი სთხოვა, რათა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოხმაურებოდა. მან ისაუბრა უნგრეთის არჩევნებზე, ორბანსა და ივანიშვილზე, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე.

ხაბეიშვილის ამ განცხადებას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: “რა თქმა უნდა, არჩევნები გვინდა, ოღონდ სამართლიანი” – ხაბეიშვილის განცხადებები სასამართლოში


ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 339-ე მუხლი (ქრთამის მიცემა) და 317-ე მუხლი (საქვეყნოდ მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ).

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ მისი საჯარო პოლიტიკური გამოსვლა და დაპირება, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის შეთავაზება იყო. საუბარია განცხადებაზე, სადაც ხაბეიშვილმა მიმართა გდდ-ის წარმომადგენლებს და თქვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან „200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით,  პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს 15 სექტემბრიდან პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება აქვს შეზღუდული. სუს-ის გამომძიებელი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ლევან ხაბეიშვილს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა შეეზღუდოს.

ხაბეიშვილის გარდა, იგივე საქმის ფარგლებში ბრალი წარდგენილი აქვს მურთაზ ზოდელავას. პროკურატურა მას გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავება. ზოდელავა ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს იმ საფუძვლით, რომ დაკავების დროს ხაბეიშვილმა მას საკუთარი მობილური მიაწოდა. გამოძიების ვერსიით, ზოდელავამ “სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი”. ამ საქმეზე ზოდელავა 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ისევ დააკავეს. მურთაზ ზოდელავა ამჟამად ციხეშია. ის ამ საქმის სხდომებს საკუთარი სურვილით არ ესწრება.