ახალი ამბები

ენმ სენატიდან მიღებული წერილის გასაჯაროებისთვის მთავრობას დღის ბოლომდე აძლევს ვადას

25 იანვარი, 2020 •
ენმ სენატიდან მიღებული წერილის გასაჯაროებისთვის მთავრობას დღის ბოლომდე აძლევს ვადას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან მიიღო.

ენმ მთავრობას დღის ბოლომდე აძლევს ვადას, აღნიშნული წერილი გამოაქვეყნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ ამას თვითონ გააკეთებს.

“მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, გაასაჯაროვოს წერილი, რომელიც მიღებული აქვს ჯერ კიდევ დეკემბერში აშშ-ის სენატიდან და კონკრეტულად იმ კომიტეტიდან, რომელიც მუშაობს სანქციების საკითხზე უცხო ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში. თუ ხელისუფლება სენატიდან მიღებულ წერილს არ გაასაჯაროებს დღის ბოლომდე, ჩვენ გავასაჯაროებთ ამ კომუნიკაციასაც იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა საფრთხის წინაშე დგას”, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ვაშინგტონიდან ეს უპრეცედენტო კომუნიკაცია ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ატარებს რუსულ ინტერესებს და საქართველოს მეგობრები ელიან ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს.


ამერიკელმა კონგრესმენებმა ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობას რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს. თავდაპირველად პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა – ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ – მისწერეს და შეშფოთება გამოთქვეს პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდების გამო.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი, რესპუბლიკელი მარკვეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ასევე, წერილს უგზავნის, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და საუბრობს „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის (FDI) გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატსა“ და „გაუარესებულ დემოკრატიაზე“.

კიდევ ერთ წერილს ადამ კინზინგერთან და ჯერალდ კონოლისთან ერთად, რესპუბლიკელი მაიკლ მაკკაული და დემოკრატი ელიოტ ენჯელი აწერენ ხელს. კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის რეფორმის ჩაგდებისა და ანაკლიის პორტის შეფერხების გამო.

საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ამერიკული კომპანიებისთვის პრობლემების შექმნაზე საუბრობს გიორგი გახარიასადმი საკუთარ წერილში რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინიც და საქართველოს მთავრობას აფრთხილებს, რომ სანქციებისადმი მოწოდებები იზრდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი