მთაწმინდის პანთეონში, მამა დავითის მონასტერთან, შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტი ჩამოვარდა. შემთხვევა თბილისში გუშინ, 23 იანვარს მოხდა.
როგორც ქეთი ოქიტაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, ლიფტით მისი შვილი სარგებლობდა, რომელიც შშმ პირია და მოწყობილობით სარგებლობაში მღვდელი ეხმარებოდა:
“ბავშვი შშმ პირია და თან ახალი ნაოპერაციები მამაო, რომელიც შეჰყვა ლიფტში, რადგან კიბეებზე უჭირს ასვლა. ლიფტი რომ დაიძრა, მე გავიქეცი კიბეებით, რომ ზევით დავხვედროდი. შუამდეც არ ვიყავი მისული, რომ სასშინელი ხმა გავიგე. ლიფტს ძირი გასძვრა და დაიშალა მარტივ მამრავლებად. რომ გადავიხედე, ტვინში სისხლი ჩამექცა, როგორ აღმოვჩნდი იქ, აღარ მახსოვს. კიდევ კარგი, ყველაფერი კარგად დამთავრდა”,- იხსენებს ქეთი ოქიტაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
მისი თქმით, საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული ლიფტი ოქტომბრის ბოლოს შეკეთდა და ამ ეტაპზე ექსპერტიზა უტარდება.