სახალხო დამცველის თქმით, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ძალიან მკაცრი რეაგირება უნდა მოხდეს.
“ეს ფაქტი არის კრიმინალური შემთხვევა, ვინაიდან ადგილი აქვს სავარაუდო დანაშაულს – ფიზიკურ ანგარიშსწორებას. მე ველოდები, რომ გამოძიება დაიწყება და აუცილებლად უნდა დაიწყოს. გამომდინარე იქიდან, რომ დაზარალებული პირი არის პოლიტიკური პარტიის წევრი, შესაძლებელია, მოტივში გამოიკვეთოს ასევე პოლიტიკური მოტივები. ასეთი ტიპის საქმეებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, როდესაც დამატებით სხვა მოტივები იკვეთება. ძალიან სამწუხარო ფაქტია. საარჩევნო წელი დაიწყო და თუ ასეთ ფაქტებს არ ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე საარჩევნო წელი გველოდება”, – განაცხადა ლომჯარიამ.
ხაბეიშვილს რამდენიმე საათის წინ სცემეს. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, მას რამდენიმე პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შსს-ს ცნობით, ხაბეიშვილის ცემაზე გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.