“თამარ მეარაყიშვილის საკითხი უნდა გახდეს დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე, კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარესთან მოლაპარაკებების პროცესში”,- ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დევნის საკითხს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, დახმარება აღმოუჩინოს ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს, არასათანადო და არასაკმარისია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილის საკითხი 2018 წლის შემდეგ არ დამდგარა მხარეთა დღის წესრიგში, როგორც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. საჯაროდ გავრცელებული წყაროების მიხედვით, მისი საკითხი არც ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილულა.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლების უმოქმედობის პირობებში, რეალურია თამარ მეარაყიშვილის ახალგორიდან იძულებით გაძევების მუქარა.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტი ახალგორელი აქტივისტის დასახმარებლად.
“თამარ მეარაყიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვან დახმარებას უწევს კონფლიქტის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და აქტივისტებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს”.
ახალგორელი აქტივისტი 2017 წლის 16 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციამ საცხოვრებელ სახლთან ყოველგვარი ახსნა-განმარტების და შესაბამისი ორდერის გარეშე დააკავა. მოგვიანებით, მას ბრალი წარედგინა პარტია „ერთიანი ოსეთის“ ცილისწამების, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მოპოვებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის.
თამარ მაეარაყიშვილის მიმართ ბრალის წარდგენიდან 2 წელი და 6 თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მას შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება და ფაქტობრივ შინაპატიმრობაშია.
მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასამართლომ მეარაყიშვილი სამჯერ სრულად გაამართლა წარდგენილ ბრალდებებში, პროკურატურამ ყველა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 2020 წლის 17 იანვარს ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და მეარაყიშვილი გაამართლა მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ რეგიონალური განყოფილების მიმართ ცილისწამების ბრალდებაში. თუმცა სისხლის სამართლის ორი საქმე – სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონოდ მიღება, საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად ფლობა და გაყალბებული პასპორტით სარგებლობა, ძალაში დატოვა და პირველ ინსტანციაში ხელახლი განხილვისთვის დააბრუნა.
თამარ მეარაყიშვილი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა. 2018 წელს მას საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ ადამიანის უფლებათა ტიტა გადასცა. იმავე წელს მეარაყიშვილი „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის “ჩარევა სასურველიას” გამარჯვებულად დაასახელა.