როგორც ნეტგაზეთს ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გერმანიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა მიხეილ სარჯველაძემ უთხრა, ღონისძიების ჩატარებას თავდაპირველად ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო აპირებდნენ, რომლის მიხედვითაც გერმანიის მხოლოდ ერთ მხარეში წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა 1067 დანაშაული ჩაიდინეს. სურდათ გერმანიაში მცხოვრები ქართველები პოზიტიური კუთხით ეჩვენებინათ, თუმცა 13 ივნისის სტიქიის შემდეგ მას საქველმოქმედო დატვირთვა შესძინეს.
“საღამოს ესწრებოდნენ იენის უნივერსიტეტის სტუდენტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ საქართველოს ისტორიას და კულტურას პრეზენტაციების მეშვეობით, რომლებიც იენის გაერთიანების წევრებმა მოამზადეს. განსაკუთრებული მოწონება ქართულმა ცეკვებმა დაიმსახურა. ქართული ცეკვებისთვის საჭირო ნაციონალური ტანსაცმლით დახმარებისთვის ორგანიზატორები მადლობას უხდიან გერმანიის ქართულ სათვისტომოს. სტუმრებს სიტყვით მიმართეს იენის გაერთიანების ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ, გერმანიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა მიხეილ სარჯველაძემ, ასევე იენის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კათედრის წარმომადგენელმა ანიკა იოსმა, რომელმაც კავკასიოლოგიის ევროპის მასშტაბით უნიკალურ კათედრაზე ისაუბრა.
ახალგაზრდა ელჩის მოწვევით საღამოს ასევე ესწრებოდა გერმანიის საერთაშორისო მიგრაციის ცენტრის (CIM) წარმომადგენელი ლისელოტე ჰეკმანი. ღონისძიებაზე მყოფ ქართველ სტუდენტებს ამ გზით მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ აღნიშნული ცენტრის პროგრამებს, რომლებიც გერმანიაში სწავლის შემდეგ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში გარკვეული დახმარების აღმოჩენას გულისხმობს. საღამოს მეორე არაფორმალურ ნაწილში სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული კერძები და ქართული ღვინო. აღნიშნული ღონისძიება ვერ ჩატარდებოდა იენის გაერთიანების აქტიური წევრების მიერ გაწეული დიდი სამუშაოს და მხარდაჭერის გარეშე, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ქართველი ახალგაზრდები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ერთად დგანან.
საღამოს ფარგლებში შეგროვდა 600 ევრო, რომელიც უკვე გადაირიცხა გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ გერმანულ ანგარიშზე”, – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში.
ქართული საღამო იენის უნივერსიტეტში და საამაყო ახალგაზრდებიLänderabend Georgien an der Friedrich-Schiller-Universität Jena
Posted by Mikheil Sarjveladze on Thursday, June 25, 2015


![13 ივნისის სტიქიის ზონები 2015 წელს და დღეს [ფოტო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2017/06/4.jpg)




