ახალი ამბები

ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ეს არის ყოველდღიური გამოწვევა – გახარია

23 იანვარი, 2020 • 1584
ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ეს არის ყოველდღიური გამოწვევა – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან ერთად, დავოსის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში New Ambitions for Europe მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გახარიამ თავის გამოსვლაში საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ასევე, რუსეთის მხრიდან არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

“საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია, ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს”, – განაცხადა პრემიერმა და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას.

“თუმცა გვაქვს გამოწვევებიც უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში. როდესაც საუბარია ეკონომიკაზე და ვფიქრობთ ამ მიღწევების ყველა მოქალაქემდე დაყვანაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა რეალური სარგებელი მიიღონ, დაკავშირებადობის ნაწილში რეალურ პრობლემას ვაწყდებით. ეს არის ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტი. საქართველო კარიბჭეა ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის. როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ჩვენ საქართველოს მოვიაზრებთ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა ტვირთბრუნვისთვის პლატფორმად. სრულად ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გულისხმობს”, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე, შავი ზღვა უპირველესი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც.

“ყირიმის შემდეგ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხი. მეორე მხრივ, როდესაც საუბარია ეკონომიკაზე, მეტი თანამშრომლობა გვჭირდება ევროკავშირთან და ამიტომ მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ კავშირებბზე. როდესაც ქვეყანაში ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, მაგალითად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, მაგრამ სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს ევროკავშირთან, ეს რეალურ პრობლემებს ქმნის და ეს ის გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ეს არის ჩვენი მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში და მას შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაზრდის საშუალებით მოვახერხებთ. სრულად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რეალური პოლიტიკური საკითხების განხილვის ისეთი საშუალება არ გვაქვს, რაც ორგანიზაციის წევრობა ან ურთიერთობის გაღრმავებაა, მაგრამ მზად ვართ, ჩვენი საშინაო დავალება შევასრულოთ. ჩვენთვის ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უსაფრთხოების გარანტიაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ, ჩვენი მეგობრები, ევროპის მომავალზე ისაუბრებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწვევებზე საუბრისას გახარიამ ისაუბრა რუსეთის როლზე.

“ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის ვალდებულება იკისრა. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან – ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი