ახალი ამბები

გაუმჭვირვალობა და სხვა ხარვეზები უზენაეს სასამართლოში – ანგარიში

23 იანვარი, 2020 •
გაუმჭვირვალობა და სხვა ხარვეზები უზენაეს სასამართლოში – ანგარიში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA)  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი ჩაატარა და ანგარიში მოამზადა.

დოკუმენტზე მუშაობისას ორგანიზაციებმა გააანალიზეს ისეთ საკვანძო საკითხები, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს როლი და ადგილი სასამართლო სისტემაში, მისი დაკომპლექტება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, თავმჯდომარის/მოსამართლეთა პასუხისმგებლობა, უზენაესი სასამართლოს პლენუმის კომპეტენცია, პალატების მუშაობა და საქმეთა განაწილება.

ამასთან, ანგარიშში შეფასებულია 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და განხილულია მისი მიმდინარეობისას გამოვლენილი პრობლემური საკითხები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული,  2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვნად შეიცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი და მათი კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა.

კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებამდე საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურას წარუდგენდა საქართველოს პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობა კი წარმოადგენდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას.

საკონსტიტუციო ცვლილებით ასევე დადგინდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მინიმალური რაოდენობა და ორგანული კანონით ის განისაზღვრა 28 მოსამართლით.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობის დადგენა არ ეფუძნებოდა არავითარ კვლევას, შესაბამისად,  IDFI და საია ბუნდოვნად მიიჩნევენ, თუ რა ფაქტორებსა და მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრა აღნიშნული რიცხვი.

ამასთან, დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დღის წესრიგში დადგა როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის წარდგენის პროცედურის დეტალური მოწესრიგება, ასევე, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის ეტაპის ცხადად რეგულირება:

“მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არსებითად მნიშვნელოვანია სათანადო საკანონმდებლო გარანტიების არსებობა იმისათვის, რომ მართლმსაჯულება განახორციელონ იმ პირებმა, რომლებიც საკუთარი პროფესიული გამოცდილებითა და პიროვნული მახასიათებლებით შეესაბამებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსს” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ მოქმედი კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ ითვალისწინებს სათანადო გარანტიებს, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა დანიშვნას დამსახურების პრინციპის საფუძველზე.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 2019 წლის პირველ მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, ორგანული კანონით დარეგულირდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენისა და არჩევის პროცესი, რომელიც სრულად არ ასახავს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.

ამავდროულად, ანგარიშის ავტორების განცხადებით, აღსანიშნავია ნდობის ნაკლებობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რაზეც ყურადღება გამახვილდა ვენეციის კომისიის დასკვნაშიც და რაც საფრთხეს უქმნის უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესის ობიექტურად და სამართლიანად წარმართვას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს სამეტაპიანი ფარული კენჭისყრით, რაც საიასა და IDFI-ს განცხადებით, ეწინააღმდეგება ამ მხრივ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან გამორიცხავს გადაწყვეტილების დასაბუთების (კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამარლის მაღალ სტატუსთან შესაბამისობის თაობაზე) შესაძლებლობას:

“პირველი ფარული კენჭისყრა გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ამ ეტაპზე საბჭოს წევრებისთვის ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსამართლეობის კანდიდატი ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მითითებულია კანდიდატის განაცხადში”, – აცხადებენ ანგარიშის ავტორები.

ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ კენჭისყრის პირველი ეტაპის არსებული რეგულირება რისკის ქვეშ აყენებს დამსახურების საფუძველზე კანდიდატების შერჩევას, რადგან ამ ეტაპზე საბჭოს წევრებისთვის ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ კანდიდატი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

დოკუმენტის ავტორების თქმით, კონკურსის ამ ეტაპზე საბჭოს წევრები არ აფასებენ კანდიდატებს, არ ტარდება მათთან გასაუბრება და საბჭო არ ასაბუთებს, რომ კანდიდატი შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსს.

ამგვარი პროცედურის შედეგად კი, IDFI-სა და საიას თქმით, როგორც კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის უცნობია, რის საფუძველზე გადავიდნენ ან ვერ გადავიდნენ ცალკეული კანდიდატები შემდგომ ეტაპზე.

ამასთან, ანგარიშის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები, კერძოდ, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, საბჭოს წევრების მონაწილეობა შერჩევის პროცედურებში, ასევე, პირველი ფარული კენჭისყრისას ხმების ერთნაირი სქემით გადანაწილება, რამაც მათი შეფასებით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკანონმდებლო ჩარჩოს ხარვეზებს და საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გააჩინა.

კანდიდატთა შერჩევის შემდეგი ეტაპი მათი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვაა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პარლამენტის რეგლამენტი არ იძლევა ცხად წარმოდგენას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფუნქციურ დანიშნულებაზე, არ ითვალისწინებს გარე ექსპერტების სავალდებულო ჩართულობას, არ ადგენს ექსპერტებისა და პარლამენტის წევრების, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის კვოტას.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მიერ შესრულებულმა სამუშაომ ცხადყო, რომ ის არ ემსახურებოდა კანდიდატების შინაარსობრივ შეფასებას და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტექნიკური ფუნქციის შესრულებით.

უშუალოდ კანდიდატების კომიტეტზე მოსმენებთან დაკავშირებით ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა და კითხვები შეეხებოდა როგორც სამართლებრივ, ისე ღირებულებით საკითხებს, ასევე, სამუშაო გამოცდილებასა და მოსამართლე კანდიდატთა მიერ წარსულში განხილულ საქმეებს.

თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ კანდიდატთა ნაწილი, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობდა ელემენტარულ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი:

“იშვიათი გამონაკლისების გარდა, კანდიდატების სამართლებრივი მსჯელობის უნარი იყო დაბალი, მათი პასუხები კი  – დაუსაბუთებელი. ზოგიერთმა კანდიდატმა უარი განაცხადა კონკრეტული სუბიექტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე. იყო დაუსაბუთებელი და გამოგონილი საფუძვლით შეკითხვებზე თავის არიდების შემთხვევებიც. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, არამედ, ზოგადად, პროცესის მიმართ უპატივცემულობის გამომხატველია და ცალსახად უარყოფით შეფასებას იმსახურებს” – აცხადებენ ორგანიზაციებში.

ანგარიშის ავტორების თქმით, მოსმენებმა ცხადყო, რომ კანდიდატების უმრავლესობა არაადეკვატურად აღიქვამს სამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს, ვერ ხედავს როგორც წარსულში, ასევე აწმყოში სასამართლოში არსებულ პრობლემებს, ან არ სურს ისაუბროს ამ პრობლემებზე, რაც თავის მხრივ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს.

ამასთან, ორგანიზაციების განცხადებით, ანალიზმა ცხადყო, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის წესი ხარვეზიანია, ვინაიდან პირველ ეტაპზე ხმათა 2/3-ის მიუღწევლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

შესაბამისად, ანგარიშის ავტორების თქმით, მეორე კენჭისყრისას არამოსამართლე წევრებს არ აქვთ არავითარი გავლენა შერჩევის პროცესზე და, ფაქტობრივად, გამოირიცხება გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის საფუძველზე.

გამომდინარე აქედან, ანგარიშის ავტორებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს. კერძოდ, მათი შეფასებით:

  • მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გაუქმდეს ფარული კენჭისყრა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება კანდიდატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალ სტატუსთან შესაბამისობის თაობაზე;
  • მიზანშეწონილია, კანონმდებლობით განისაზღვროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, უზრუნველყოფილი იყოს დამოუკიდებელი გარე ექსპერტების მონაწილეობა და ცხადად გაიწეროს სამუშაო ჯგუფის უფლება-მოვალეობები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების პროცესში;
  • გაუქმდეს ორგანულ კანონში არსებული ჩანაწერი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაძლებლობას აძლევს მეორე კენჭისყრისას სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარადგინოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა. იმ შემთხვევაში, თუ მეორე კენჭისყრისას გადაწყვეტილება ვერ მიიღება ხმათა 2/3-ით, საბჭომ კანდიდატების დასახელების პროცედურა ხელახლა უნდა დაიწყოს;

IDFI-სა და საიას მიერ მომზადებულ ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი