Interviewsახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჟენევის ფორმატი გვაშორებს მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხების განხილვას”

23 იანვარი, 2020 • 3048
“ჟენევის ფორმატი გვაშორებს მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხების განხილვას”

ჟენევის ფორმატზე და სამშვიდობო ინიციატივებზე ნეტგაზეთთან საუბრობს ეკატერინე გამახარია, ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: 


ბოლო პერიოდში ისევ აქტუალური გახდა ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგისა და, შესაბამისად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის ეფექტურობის საკითხი. თქვენ კარგად იცნობთ ამ პროცესს და წლების განმავლობაში, როგორც კონფლიქტებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, თვალს ადევნებთ ტენდენციებს. როგორია თქვენი პოზიცია, ზოგადად, ამ დიალოგის ფორმატებთან დაკავშირებით?

როდესაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი იქმნებოდა, მაშინ სხვა რეალობა და საჭიროებები არსებობდა.  მგონია, რომ დღესდღეობით მოლაპარაკებების ფორმატი ნაკლებპოლიტიზებული უნდა გახდეს და მაქსიმალურად ადამიანის უფლებებზე და ადამიანურ უსაფრთხოებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რისთვისაც არსებულ პირობებში ადგილი არ რჩება.

დღეს რა ხდება?! მაგალითად, დევნილების დაბრუნების თემა მუდმივად მხარეების დემარშის საბაბია და სულ გვესმის, რომ აფხაზები პროტესტის ნიშნად გავიდნენ და დატოვეს შეხვედრა. მე არ მესმის, მაშინ რა საჭიროა ამ საკითხის წამოწევა, თუ ის ყოველთვის ჩიხში შემყვანია, იწვევს მხარეთა აგრესიას და გვაშორებს კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების განხილვას.

რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ფორმატიც, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, სადაც ადამიანის უფლებებთან და ადგილობრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება მეტწილად, მაგრამ ის მხოლოდ კონკრეტულ და ცალკეულ ქეისებს ეხება და ხშირად ამ მექანიზმის მუშაობაც შეწყვეტილია…

პრეტექსტი მაინც ეს არის. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ყველაფერი მიდის იქამდე, მოვაწერთ თუ არა ჩვენ ხელს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას. ქართული მხარე ამბობს, რომ ამას პრინციპულად არ გააკეთებს. შესაბამისად, გამოდის, არასოდეს მივაღწევთ სხვა შედეგებს. მაშ, რისთვის კეთდება ეს შეხვედრები?

ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამ ფორმატის რეფორმირებაა საჭირო… მნიშვნელოვანია მოხდეს პოლიტიკური სტატუსის საკითხების და უსაფრთხოების მილიტარისტული პარადიგმის გადატანა ადამიანის უფლებებისა და ადამიანური უსაფრთხოების საკითხებზე, ანუ იმ პრობლემებზე, რაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ყოველდღიურ გამოწვევას წარმოადგენს და ყველაზე მეტად აწუხებს. აი, სწორედ ამ საკითხების ირგვლივ უნდა დაიწყოს დისკუსიები და შეთანხმებების მიღწევა. ისევე, როგორც არ შეიძლება სახლის მშენებლობა დავიწყოთ სახურავიდან, შეუძლებელია საბოლოო სტატუსი იქცეს საწყის წერტილად აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს. მხარეები უნდა დასცილდნენ ტრადიციულ მიდგომებს, გაიაზრონ, რომ საბოლოო შედეგი, ანუ პოლიტიკური სტატუსი, დამოკიდებული იქნება წინასწარ ჩაყრილ საფუძველზე და მნიშვნელოვანია, აგურების აწყობა და კედლის აღმართვა დავიწყოთ, პირველ რიგში, მშვიდობის მშენებლობის, ნდობის აღდგენის, მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების, მათი განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის ყველა წინაპირობის შექმნის გზით…

თქვენი აზრით, ვინ უნდა იყვნენ ჩართული ამ მოლაპარაკებებში, თავად შეხვედრის მონაწილეთა საკითხიც გადასახედია ? მახსოვს, ადრე საუბრობდით იმაზეც, რომ უშუალოდ დევნილების ჩართულობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

მე მჯერა, რომ ამ პროცესში, ზოგადად, ქალთა და პლუს, დევნილთა მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ჩემი გამოცდილება მაჩვენებს, რომ ქალებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ სამშვიდობო პროცესში, დიდი ექსპერტული გამოცდილება დაუგროვდათ, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მათი ჩართულობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. თუმცა, არა ისე, როგორც ახლა…

გვეუბნებიან, რომ ფორმატი არ იძლევა საშუალებას, ჩართო სამოქალაქო საზოგადოება და ამიტომაც, წელიწადში ორჯერ გვიტარებენ საინფორმაციო შეხვედრებს. იმდენად ფორმალური გახდა ჩვენი ჩართულობა ამ შეხვედრებში, ზუსტად ვიცით, რომ დელეგატები ერთი და იგივე შაბლონური ფრაზებით მოვლენ და გვეტყვიან, რომ ვერ იხილავენ პრინციპულ საკითხებს, რუსეთის ნეგატიური გავლენის ან მეორე მხარის დემარშის გამო. თუ იცი, რომ არ გაქვს შესაძლებლობა, წლების განმავლობაში განიხილო პრინციპული და ადამიანებისთვის აქტუალური საკითხები, მაშინ რისთვის გინდა ეს შეხვედრები?

თუ ფორმატი არ იძლევა საშუალებას,  რომ სამოქალაქო საზოგადოება პირდაპირ ჩართო, რადგან ეს არის პოლიტიკური ფორმატი, მაშინ შექმენი პარალელური თემატური ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით, რომლებიც დისკუსიას გაამდიდრებენ საკუთარი ექსპერტიზით, განსხვავებული შეხედულებებით და მიდგომებით.

ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიქმნას სხვადასხვა საკითხზე მომუშავე მცირე სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მოამზადებდნენ რეკომენდაციებს ყოველი რაუნდის დღის წესრიგისთვის, შემდეგ დელეგატები მოვიდოდნენ და ანგარიშს ჩაგვაბარებდნენ ამ დღის წესრიგის ირგვლივ. ეს უზრუნველყოფდა სამოქალაქო სექტორის უფრო ეფექტიან და ქმედით მონაწილეობას პროცესში. სხვა მხრივ, ჩვენს ქმედით როლს ვეღარ ვხედავ ამ პროცესში.

რაც შეეხება, დევნილთა ჩართულობას,  ამას, პირველ რიგში, დევნილთა გაძლიერება სჭირდება. სახელმწიფო პოლიტიკა კი არ არის ამაზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, დევნილები არ უნდა იყვნენ გამოყოფილი საზოგადოების დანარჩენი ნაწილისგან, მაგრამ ისინი მაინც საზოგადოების ის სეგმენტია, რომელთაც განსხვავებული ინტერესი და საჭიროებები გააჩნია ამ კონფლიქტის მიმართ, განსაკუთრებული ხედვა და, შესაბამისად, განსაკუთრებული როლიც უნდა ჰქონდეთ კონფლიქტების დარეგულირების პროცესში.

წლების განმავლობაში ექსპერტის რანგში აკვირდებით კონფლიქტების მოგვარების თუ, ზოგადად, მისი არსებობის პროცესს, რა ტენდენციებს ამჩნევთ?

ვერ ვიტყვი, რომ ერთ ადგილზე ვართ გაჩერებული. ჩვენ ნამდვილად ვპროგრესირებთ, მაგრამ ძალიან ნელი ტემპებით. თუნდაც ათი წლის წინ სამედიცინო პრობლემებზე ვსაუბრობდით და ვერ წარმოვიდგენდით, რომ სრულიად უფასო პროგრამას დავიწყებდით დღეს აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად ემსახურება მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას და შერიგებას.

თუმცა, პარალელურად, ამავე დროს, საკმაოდ ბევრი ჩავარდნაა. იმის მაგივრად, რომ მუშაობა ამ მიმართულებით ინტენსიური ხდებოდეს და მასშტაბები იზრდებოდეს, ამ მიმართულებაზე ფინანსები და შესაძლებლობები იზღუდება.

ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ და ახალი ინიციატივები არის თუ არა პროგრესი?

ჩემთვის ეს პროგრამა იყო ძალიან სერიოზული წინსვლა, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი მას სკეპტიკურად უყურებდა.

მშვიდობიანი კურსი ყოველთვის არსებობდა თითქოს, მაგრამ ასეთი კონკრეტული ნაბიჯების სტრატეგია არასოდეს გვქონია. წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომ ხელისუფლება არ შეუშინდა მოსახლეობის რეაქციას და თქვა, დიახ, ჩვენ ვუწყობთ ხელს აფხაზების ჩამოსვლას, უფასოდ მკურნალობას, განათლებას, ეკონომიკურ ურთიერთობებს და ა.შ.  

რა თქმა უნდა, ამ ინიციატივებს ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოებამაც, რომელსაც წლების განმავლობაში რეალურად ნამუშევარი ჰქონდა ამ საკითხებზე. სწორედ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ შევქმენით ამინდი და წინაპირობა იმისა, რომ სახელმწიფომ საკმაოდ თამამ და მნიშვნელოვან ინიციატივებზე ხმამაღლა საუბარი გაბედა.

თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, მისი იმპლემენტაცია კიდევ სხვა საკითხია. თუ არ მოხდება დაწყებული საქმის და ინიციატივების პროგრესირება და ინტენსიფიკაცია, კარგი ინიციატივები შეიძლება ფუჭადაც იქცეს… როდესაც მეორე მხარე გამოხატავს მზაობას და მოდის შენს ინიციატივებზე, შენ კი ფინანსების არარსებობის ან სხვა ბიუროკრატიული მიზეზების გამო მას ჩართვის შესაძლებლობას არ აძლევ, ამას შეიძლება კონტრპროდუქტიული შედეგი მოჰყვეს.. შენ იმედს უცრუებ და კარგავ შენკენ მობრუნებულ ადამიანს…

ჯანდაცვის სფერო ყველაზე კარგად მუშაობს და ამის დასტური  იმ ადამიანების სტატისტიკაა, რომლებიც ჩამოდიან და ადგილზე მკურნალობენ. წლიდან წლამდე იზრდება ამ ადამიანების რიცხვი. ისინი უბრალოდ ჩამომსვლელი ხალხი არ არის, ისინი საკუთარ თავზე გრძნობენ აქ სიკეთეს, აფასებენ მას, ასევე, ხედავენ საქართველოში უკეთეს ინფრასტრუქტურას, განვითარების შესაძლებლობებს და სრულიად სხვანაირები ბრუნდებიან უკან…

რაც შეეხება სხვა ინიციატივებს, მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტებს. აქაც დიდი კონფლიქტ-სენსიტიურობა გვმართებს. დავიწყოთ იმით, რომ ინფორმაცია „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ გაწერილია კონფლიქტ-არასენსიტიური ენით. როდესაც ყოველ მეორე წინადადებაში იყენებ ტერმინს  -“ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები” და თან სათანამშრომლოდ იწვევ მეორე მხარეს, რამდენად უწყობ ხელს მის დაინტერესებას ჩაერთოს პროექტში? ისედაც ყველამ კარგად ვიცით, რა და როგორ არის, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია სამშვიდობო რიტორიკის გამოყენება, მსგავსი ტერმინები კი ანტაგონიზმის მეტს არაფერს იწვევს. ამის მიუხედავად, აფხაზური მხარიდან ბევრმა გამოხატა ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართ დაინტერესება, განსაკუთრებით აქტიურები ქალები იყვნენ. ესეც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დამსახურებაა, რომლებიც მუშაობდნენ მოსახლეობასთან, აწვდიდნენ ინფორმაციას და ეხმარებოდნენ ადამიანებს ეკონომიკური ბიზნეს-გეგმების შემუშავებაში. 

თუმცა აქაც ისეთ პრობლემას წავაწყდით, სადაც კრიტერიუმების გამო ბევრი ძალიან საინტერესო ბიზნესპროექტი არც იქნა განხილული. მაგალითად, ბევრი ინიციატივა არსებობდა სერვისის სფეროს განვითარებაზე, სასტუმროს, ტურიზმის სფეროებში გამოცდილების გაზიარებაზე, ამ კუთხით თანამშრომლობაზე. მაგრამ, იმის გამო, რომ ეს სფეროები არ ჯდებოდა თანამშრომლობის კრიტერიუმებში, შესაბამისად, მაშინვე ბევრი საინტერესო პროექტი გაიცხრილა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდანვე არ ყოფილა მოქნილი და საჭიროებაზე ორიენტირებული ეს ინიციატივა.

თუ ასეთი დიდი მოთხოვნაა სერვისის სფეროზე, რატომ არ ითვალისწინებ მას, როგორც პრიორიტეტულ მიმართულებას? ფაქტიურად, ხალხს, რომელმაც გამოხატა მზაობა თანამშრომლობაზე, იმუშავა ქართულ მხარესთან და ერთობლივად შეიმუშავა ბიზნესწინადადება და რისკის ფასად წამოვიდა თანამშრომლობაზე, უთხრეს, რომ შანსი არ აქვთ… ამით კი დაკარგეს ადამიანები… ეს სტრატეგიულად ძალიან ცუდია და გაუმართლებელი.

ასევე, ბევრს უთხრეს უარი ვაჭრობის სფეროში შემოსულ პროექტებზეც, რადგან სახელმწიფოს ბიუჯეტი არ ჰქონდა საკმარისი და, შესაბამისად, ვერც დააფინანსებდნენ მათ. მთელი პრობლემა კი ის არის, რომ სახელმწიფომ დააანონსა ისეთი პროგრამა და ინიციატივა, რომლის განხორციელებისთვის მზად არ იყო, გარდა იმისა, რომ არ მოხდა წინასწარ მოსახლეობის საჭიროებების და ინტერესის სფეროს კვლევა.

მშვიდობის მშენებლობა ძალიან ფაქიზი საკითხია. ის გრძელვადიანი, კარგად გათვლილი და არა ფრაგმენტული უნდა იყოს. და თუ რაღაცას იწყებ, მისი ბოლომდე მიყვანაც უნდა შეგეძლოს. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ უბრალოდ პოპულისტური განცხადებაა, რაც იმედგამაცრუებელია და უნდობლობას იწვევს.

ეკატერინე გამახარია; ფოტო: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი