კომპანიის ცნობით, დანადგარი სპეციალურად შეიქმნა იმ მიზნით, რომ მდინარე ვერეში საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღეკვეთა. მინი-გამწმენდ ნაგებობაში დაზიანებული კოლექტორიდან გამოსული საკანალიზაციო წყლები იკრიბება, მუშავდება და იქიდან გაწმენდილი სახით გამოედინება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღნიშნული საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიებაა, რადგან მდინარე ვერეს ხეობაში გზისა და საკანალიზაციო კოლექტორის რეკონსტრუქციას დაახლოებით 30 დღე დასჭირდება.
რაც შეეხება საკანალიზაციო კოლექტორს, მისი პირვანდელი სახით აღდგენა საგზაო და გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება, აცხადებენ კომპანიაში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კიდევ ერთხელ შეახსენებს დედაქალაქის მოსახლეობას, რომ თბილისელებისთვის მიწოდებულ სასმელ წყალს არანაირი კავშირი არ აქვს მდინარე ვერეს წყალთან, რადგან დედაქალაქი სასმელი წყლით არაგვის ხეობიდან მარაგდება.
13-14 ივნისის სტიქიის დროს თბილისშ,ი წყნეთის ქუჩასთან დაზიანდა საკანალიზაციო მილი, რის გამოც ფეკალური წყლები მდინარე ვერეში ჩაედინებოდა. კრიზისების მართვის საბჭოს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა არ გასაჯაროვებულა, სანამ საზოგადოებრივმა მაუწყებლმა ეთერში არ გაუშვა საგამოძიებო ფილმი დაზიანებულ მილზე.