პარლამენტის წინ განთავსებული ატრაქციონები აიღეს. შენობის მიმდებარე ტერიტორია მწვანე ღობითაა შემოსაზღვრული. შიგნით უცხო პირებს არ უშვებენ, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. მერიაში ამბობენ, რომ კახა კალაძე დღეს იტყვის, თუ რატომ არის მწვანე ღობე პარლამენტთან დამონტაჟებული.
პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები მერიამ 2019 წლის 30 დეკემბერს, გვიან ღამით აიღო, რასაც აქტივისტების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა. დააკავეს რამდენიმე აქტივისტი. ამ ადგილას თვეების განმავლობაში მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სხვა საპროტესტო მოძრაობების, მათ შორის „ქვეყნის სამსახურში“ და „გაბედეს“ კარვები იდგა. ოპოზიციონერი აქტივისტები ამბობდნენ, რომ კარვები მერიამ დაუკითხავად აიღო, რასაც საბოლოოდ დაპირისპირება მოჰყვა. უწყებაში კი პირიქით განმარტავდნენ, რომ მათ დემონსტრანტები წინასწარ გააფრთხილეს.
საბოლოოდ, მერიამ საპროტესტო კარვების ადგილზე ატრაქციონები დაამონტაჟა, თუმცა მათ გარშემო უწყებას რკინის ბარიკადების მოწყობაც მოუწია. ატრაქციონების დამონტაჟებას გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელმაც ფეისბუკით მოუწოდა მოქალაქეებს, ბავშვები აქ არ მიეყვანათ.