ახალი ამბები

ბასიანთან სროლაზე დაკავებულს ბრალი ისევ განზრახ მკვლელობით გადაუკვალიფიცირდა

21 იანვარი, 2020 •
ბასიანთან სროლაზე დაკავებულს ბრალი ისევ განზრახ მკვლელობით გადაუკვალიფიცირდა

პროკურატურის ინფორმაციით, პირმა, რომელმაც 12 იანვარს ბასიანთან ისროლა და 3 ადამიანი დააზიანა, ბრალი გადაუკვალიფიცირდა. უწყება მას ახლა რამდენიმე მუხლით – მათ შორის, მკვლელობის მცდელობას ედავება.

„2020 წლის 12 იანვარს „კლუბ ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბ. ჩ-ს დაუზუსტდა ბრალდება და მას წარედგინა ბრალი:

განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მანამდე, ბრალდებულს ბრალდება წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლებით.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს კლუბ “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით სამი პირი დაჭრა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი