სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოდგენილ ვიდეოზე, სადაც ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და პატიმრის შეხვედრაა ასახული, ამბობს, რომ შინაარსში უკანონო ვერაფერი დაინახა, თუმცა კითხვები აქვს მისი მოპოვებისა და შენახვის კანონიერებასთან და ამ საკითხებს შეისწავლის:
“ვერ დავიანხე განსაკუთრებული პრობლემა. არსებობს სიტუაციები, როდესაც პატიმართან ურთიერთობის დროს შესაძლებელია საჭირო იყოს მასთან ადამიანურ ურთიერთობაში და ნდობაში შესვლა. ჩვენი წარმომადგენლები ამ მიდგომებს ირჩევენ ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდიანრე. მე ამ ვიდეოში ვერაფერი უკანონო ვერ დავინახე.
პირიქით, მიმაჩნია, სერიოზული კითხვებია ამ ვიდეოს მოპოვების და გავრცელების კანონიერებასთან, რატომ არის შენახული და დაარქივებული მინიმუმ 6 თვის განმავლობაში აღნიშული ვიდეო. სახალხო დამცველი ამის შესწავლას აუცილებლად დაიწყებს და ასევე შევისწავლით, რამდენად ხდებოდა უკანონო მიყურადება ან თვალთვალი სახალხო დამცველის წარმომადგენელზე”, – ამბობს ლომჯარია.
პარლამენტში, ადამინის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავენ ციხეებთან დაკავშირებით, წულუკიანმა მიიტანა ვიდეო, სადაც მისი თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული. წულუკიანმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გააკრიტიკა ჩაცმულობისა და ქმედებების გამო. მოგვიანებით აღნიშნული ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.