ახალი ამბები

საოკუპაციო ხაზთან ხეების მონიშვნის შესახებ 2016 წლიდან ვიცით – სუსი

20 იანვარი, 2020 •
საოკუპაციო ხაზთან ხეების მონიშვნის შესახებ 2016 წლიდან ვიცით – სუსი

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შესახებ ინფორმაცია სუს-ს 2016 წლიდან აქვს. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნეტგაზეთს დაუდასტურეს.

დღეს აქტივისტმა დავით ქაცარავამ ფოტოები გაავრცელა, რომლებზეც წითელი საღებავით მონიშნული ხეები ჩანს. ქაცარავა ამბობს, რომ ხეები რუსმა მესაზღვრეებმა მონიშნეს, სუს-ში კი ნეტაზეთს უთხრეს, რომ მსგავსი რამ ადრეც მომხდარა, თუმცა მაშინ რუსმა სამხედროებმა შეღებილ ხეებთან კავშირი უარყვეს.

მათივე თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა, ხოლო „ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ( EUMM) და საერთაშორისო პარტნიორებს“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევა წარსულშიც, 2016 წელს იქნა აღმოჩენილი.

საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 72-ე შეხვედრაზე. ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიციის შედეგად აღნიშნული განხილვის ფარგლებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უარყვეს კავშირი ხეებზე დატანილ მონიშვნებთან დაკავშირებით“, – ამბობს სუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი