ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს

18 იანვარი, 2020 •
სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე 18 იანვარს, საღამოს საათებში დააკავეს მას შემდეგ, რაც ტრანსგენდერ ქალებს გამოესარჩლა.

როგორც ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დაკავებისას ფერაძის გვერდით იმყოფებოდა, ფეისბუკზე წერს, ფერაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ფერაძის ფეისბუკის ლაივში ჩანს, რომ ის ცენტრალურ თბილისში იმყოფებოდა ტრანსგენდერ ქალებთან ერთად, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს მას შემდეგ, რაც „ჰომოფობიურად განწყობილმა ბიჭების და გოგოების ჯგუფმა შეურაცხყოფა მიაყენეს ტრანსგენდერ ქალებს“.

„პატრული მოვიდა, ჰომოფობები გაიქცნენ, პოლიციელები ნელი ნაბიჯებით გაეკიდნენ და ვერ დაიჭირეს, რასაც მოჰყვა ტრანსგენდერების გაღიზიანება“, – წერს თვითმხილველი.

ამასთან, როგორც „ლაივში“ ჰყვებიან ფერაძე და იქ მყოფი ადამიანები, პოლიცია ჰომოფობიურად იქცეოდა და ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი უსაფუძვოდ დააკავა. „იმის ნაცლვად, რომ დაიცვან, დააკავეს“, ამბობს ფერაძე ლაივში.

შემდეგ ლაივში ისმის, რომ ფერაძე პოლიციელებს ეკითხება, რის გამო დააკავეს მოქალაქე, რაზეც პოლიციელები ეუბნებიან, „დაწყნარდეს“, რაზეც ფერაძე პასუხობს: „კიდევ ერთხელ მეტყვი მაგას და შემოგილაწუნებ“. ამის შემდეგ ნატა ფერაძეც დააკავეს.

„ტრანსგენდერი დააკავეს სრულიად უმიზეზოდ, იმის გამო რომ პოლიციას ჰომოფობი უწოდა. ჩვენ ვკითხეთ პატრულს თუ რატომ დააკავეს ტრანსგენდერი და უცბად ნატაც დაიჭირეს. მთელი დროის განმავლობაში ჩანდა პოლიციის ჰომოფობიური განწყობა“.

საბოლოოდ, როგორც ნატა ფერაძის ფეისბუკზე დაწერეს, მას ხელწერილით უშვებენ.

განახლება:

აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილით გამოუშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი