პრობლემატურ ლოკაციად რჩება მტაცებელ ცხოველთა ვოლიერი, საიდანაც წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში ხდება ვოლიერთან სპეცტექნიკისთვის მისასვლელი გზის წმენდა.
ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება წყლის ამოტუმბვითი და ჩამონადენი მასალების გატანითი სამუშაოები.
კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, კვლავ ეძებენ ზოპარკიდან დაკარგულ ცხოველებს: ერთ ვეფხვსა და ერთ ზოლიან აფთარს. 21 ივნისს ღამის 12 საათიდან მოყოლებული სულ დაფიქსირებულია 15 გამოძახება სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ. ყველა მათგანზე მოხდა სათანადო რეაგირება, თუმცა არც ერთი მათგანი არ დადასტურდა.
სვანიძის ქუჩაზე კვლავ გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. დამატებით შეყვანილია 50 სამხედრო მოსამსახურე, რათა დროულად მოხდეს ძაღლების თავშესაფრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა.
საბჭოს ცნობით, გაკეთებულია ხეობის მეორე მხარეს გადასასვლელი გზა, რითაც მძიმე ტექნიკა სარგებლობს. ძირითადი ძალები გადართულია სვანიძის ქუჩის მიმდებარე ვერეს ხეობისა და იქ არსებული გვირაბის სიახლოვიდან ჩამონადენი და ნაშალი მასალების გამოტანაზე. ინტენსიურად მიმდინარეობს ვაკის ხორცპროდუქტების ქარხნის ეზოს გაწმენდითი სამუშაოები.
მზიურის ტერიტორიაზე მუშაობს 285 მეხანძრე-მაშველი, დაცვის პოლიციის 50 თანამშრომელი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 27 თანამშრომელი, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და მერიის მიერ დაქირავებული კერძო კომპანიების ტექნიკა.
წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეობს ნაპირის გამაგრებისთვის საჭირო სამუშაოები. ამ ეტაპისთვის დასრულდა 6 ხიმინჯის მოწყობა, დღის ბოლომდე დაემატება კიდევ 4. ადგილზე სამუშაოებს აწარმოებს სააქციო საზოგადოება „ზიმოს“ სპეცტექნიკა და პერსონალი. დამონტაჟებულია სპეციალური განათება საჭიროების შემთხვევაში ღამით სამუშაოების გასაგრძელებლად.
13-14 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 19 ადამიანი დაიღუპა, 3 დაკარგულად ითვლება რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ზოოპარკიც, რის შედეგადაც დაიღუპა ცხოველები. ზოგი მათგანი კი დაიკარგა. ამ დროისთვის ზოოპარკიდან დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი.