ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თამარ მეარაყიშვილის “უკანონო პასპორტის” საკითხს დე ფაქტო სასამართლო კიდევ განიხილავს

17 იანვარი, 2020 • 3000
თამარ მეარაყიშვილის “უკანონო პასპორტის” საკითხს დე ფაქტო სასამართლო კიდევ განიხილავს

ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ახალგორელ  სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს, მმართველ პარტია “ედინაია ოსეტიას” მიმართ ცილისწამების ბრალდება მოუხსნა, თუმცა” სამხრეთ ოსეთის უკანონო პასპორტის  მიღების” შესახებ ბრალდება ხელახლა განსახილველად კვლავ პირველ ინსტანციას გადაუგზავნა.

დღეს, 17 იანვარს,  დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგია ცხინვალის პროკურორის, არტურ ჯაბიევის საჩივარს იხილავდა.  პროკურატურამ აღნიშნული საჩივრით მეარაყიშვილისთვის ყველა საქმეზე  პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გამამართლებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

2019 წლის 16 ოქტომბერს თამარ მეარაყიშვილმა, რომელსაც სამხრეთ ოსეთში აქტივიზმის გამო დევნიან, ახალგორის დე ფაქტო პროკურატურას სასამართლო დავა მესამედ მოუგო.

2017 წლის 16 აგვისტოს მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. მეარაყიშვილს დღემდე თავისუფალი გადაადგილება შეზღუდული აქვს [ყველა საბუთი ჩამოართვეს] და, ფაქტიურად, შინაპატიმრობაში იმყოფება.

თამარ მეარაყიშვილს 2018 წლის 12 ივნისს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მიღება საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად გაყალბებული განცხადების საფუძველზე; აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტის გამოყენება და  მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” რეგიონული განყოფილების მიმართ ცილისწამება.

მასალების გადაბეჭდვის წესი