ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

გზამკვლევი სუბტროპიკულ ქალაქებში – ანნა ძიაპშიპა

17 იანვარი, 2020 •
გზამკვლევი სუბტროპიკულ ქალაქებში – ანნა ძიაპშიპა

ავტორი: ანნა ძიაპშიპა, თბილისი


დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის შემჩნევას, როგორ გადაინაცვლა აფხაზეთის საკითხმა პოლიტიკიდან რეკლამაში. ფიზიკურ და ემოციურ დანაკარგზე ფიქრის ასეთი ტრანსფორმაცია ლოგიკურიც არის, რადგან ის ლოზუნგები, რომლითაც პოლიტიკოსები წინასაარჩევნო გამოსვლების დროს გველაპარაკებოდნენ, შემზადება იყო, რომ ოდესმე მაისურზე, ჩანთაზე, საფულეზე, პასპორტის ჩასადებზე, წინდაზე ჩვენ თვითონ დაგვეწერა იგივე. უფრო სხარტად, უფრო „კრეატიულად“ გვეტარებინა გარეთ გამოტანილი უუნარობა, როგორც მგლოვიარე ოჯახის წევრები ატარებენ გარდაცვლილი ახლობლის ფოტოიან გულსაბნევს შავ ტანსაცმელზე.

თუ გლოვის ამ დასავლურ ქართულ ტრადიციას მივყვებით, თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრია გაუცნობიერებლად მისი მემკვიდრე ხდება, თუმცა ამ შემთხვევაში გამოსახვის ეს ფორმა არა ტრავმის ვიზუალიზაციას და გარდაცვლილის არდავიწყებას, არამედ მის კომერციალიზაციას, პროდუქტის პოპულარიზაციასა და გაყიდვებისგან შემოსავლის მიღებას ემსახურება. შესაბამისად, „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“ მხოლოდ სარეკლამო ფრაზად რჩება, თვითონ აფხაზეთი კი მომგებიან, კომერციულ თემად იქცევა, რომლის ვარიაციებიც გაყიდვებზე „დადებითად აისახება“.

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, რომელიც ბოლო წლებია თავის კოლექციებში ბიოგრაფიულ დეტალებს იყენებს, ზუსტად ამ ზღვარზე გადის. იგი ახერხებს, საკუთარი ამბავი შემოქმედებად/კომერციად აქციოს და მსოფლიოს მდიდარი და წარმატებული ნაწილი თავისი ტრაგედიის ნასხლეტებით შემოსოს. დემნა გვასალია ბევრი მიზეზით არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ ის ამ დაუნდობელ და ბოროტ, კონკურენციაზე აგებულ სამყაროში წარმატების და პოპულარულობის სახეხატია, ჩვენ მისი გავლით სამყაროს ელიტარულ ნაწილს ჩვენს დიდ ტკივილს ვუზიარებთ, არა მხოლოდ ვუზიარებთ, მასში ვმოსავთ და მერე ფოტოებს ვუყურებთ, იმის სურვილით ანთებულები, რომ ოდესმე ჩვენც ჩავიცვამთ ცრემლიან მაისურს წარწერით „სოხუმი“.

მოდას, ისევე როგორც „კრეატიულ სარეკლამო ინდუსტრიას“, შეუძლია იარსებოს აფხაზეთის ლოზუნგად ქცევის გარეშე, რადგან ის არ გულისხმობს ამ მოცემულობის გადააზრებას – მხოლოდ გამოყენებას. მაგრამ როგორ უნდა იარსებოს ამ თემის გარეშე ხელოვანმა, რომლისთვისაც ეს ადგილი ბიოგრაფიის ნაწილია? სად შეიძლება მედიის, პოლიტიკოსებისა და სარეკლამო ლოზუნგების მიღმა სულ ცოტა ხნით მაინც დავინახოთ ნამდვილი და ზუსტი, ადამიანური და არა „სტრატეგიული“ აღქმა?

ეს სტატია ბოლო წლების რამდენიმე შთაბეჭდილებას მოიცავს. ისინი ჩემთვის დამატებითი საცეცებია. ასევე, დაკვირვების მცდელობა, თუ როგორ აისახება აფხაზეთი ვიზუალურ ხელოვნებაში, ძირითადად აფხაზეთთან დაკავშირებული ხელოვანების ნამუშევრების მეშვეობით.

2013 წლის „არტისტერიუმის“ ფარგლებში, სოხუმში დაბადებული მხატვრის ლადო ფოჩხუას გამოფენა „ქართული მელანქოლიის ანატომია“ მოეწყო. ეროვნულ გალერეაში გამოფენილმა ფოტოებმა ის დრო გამახსენა, რომელიც ქალაქში მცხოვრებლებს ასეთი სიმძაფრით ვერ გვეხებოდა, როდესაც ერთი სული გვქონდა, აღარ დაგვენახა „ჩამოთრეული“ და ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილი დევნილების ყოველდღიურობა, ან აღარ გაგვეყო ჩვენივე გაუსაძლისი ყოფა მათთან. ლადო ფოჩხუამ წყნეთში გადაღებული შავ-თეთრი, დიდ ფორმატზე დაბეჭდილი ფოტოები გამოფინა. მათი ზემოქმედება დღესაც კარგად მახსოვს. დიდი რეზოლუციის ფოტოებით ლადომ ზუსტად ის გვაჩვენა, რისი დანახვაც არ გვინდოდა. მახსოვს, ვფიქრობდი, რომ ეს პერიოდი მეც ზუსტად შავ-თეთრის და ნაცრისფრის ამ გრადაციაში წარმომედგინა. დიდი ფორმატი, რომელიც თანაბარი ზომის ოთხკუთხედ ფილებად იყო დაყოფილი, თითქოს მთლიანობას კარგავდა და თან ანაწევრებდა, სრული სურათის მოხელთება მხოლოდ დეტალების აღქმით იყო შესაძლებელი. საგამოფენო დარბაზში შესული, წყნეთის დევნილების დასახლების ამსახველ ფოტოებს ისე აღიქვამდი, თითქოს იმავე ქუჩაზე იდექი, საიდანაც ავტორი ფოტოაპარატში კადრს ასწორებდა.

„ამ პროექტის არსებობას დიდწილად ვუმადლი ჩემს მეხსიერებას და ვითარებებს, რომელთა შეცვლაც მე არ შემეძლო. ოცდასამი წლისამ ყველაფერი დავკარგე – ოჯახი, მეგობრები, მშობლიური ქალაქი, სახლი, საბუთები. უკვე თბილისში შევიტყვე, რომ ახალ, მოუწყობელ და მშიერ ცხოვრებაში ლტოლვილი ვარ. აფხაზეთიდან ლტოლვილი, ანუ – არავინ. ნული. ადამიანი სოციალური ფუნქციის გარეშე. როცა პირველი ჰუმანიტარული დახმარება მივიღე, ამერიკული სამხედრო ულუფა, ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული ლობიო და ხორცი, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ თავს დავაღწევ გასაჭირს, რომელშიც აღმოვჩნდი. ამისთვის წლები დამჭირდა. ეს ფოტოსურათები ჩემი გზის ეტაპებია, რომელიც ლტოლვილის ცხოვრებიდან ადამიანურ ცხოვრებამდე გავიარე“ .

პაპუნა პაპასქირიც სოხუმელი არტისტია, ლადოსთან მეგობრობის გარდა საერთო სივრცეები, მოგონებები და ადამიანები აერთიანებს. თუმცა მათი შემოქმედება განსხვავებულია. რამდენიმე წლის წინ პაპუნამ სოხუმის მეხსიერებაზე გამოფენა გააკეთა.

„მახსოვს, როგორ ვბრუნდებოდი სახლში, სოხუმში, ნესტით გაჯერებული სამეგრელოდან. მატარებელს ეს მანძილი დაახლოებით 2 საათში უნდა დაეფარა. დროს ალბათ ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მას ზუსტად პეიზაჟების ცვალებადობით აღვიქვამდი. მთები, სახლები, კვიპაროსები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

სურათი ყოველ ჯერზე ერთნაირი იყო, მაგრამ არასდროს მეორდებოდა და სანამ მატარებელი გვირაბში შევიდოდა, მარცხენა ან მარჯვენა ხის სკამზე მდგომს დაუვიწყარი მზის ჩასვლა მელოდებოდა. ბინდის წითელი სახლში დაბრუნებას იუწყებოდა“ .

გამოფენას „ნათება“ ერქვა, ლადოს წყნეთის სერიისგან განსხვავებით, ინტენსიური ფერწერული ტილოები უფრო ამბების მინიშნებაა, ვიდრე რამის თხრობა. თითქოს სქელი საღებავი ფენებად ბევრ ისტორიას ინახავს და მეხსიერების პირობითობას აძლიერებს.

ნატა სოფრომაძე, რომელიც ასევე სოხუმიდან არის, ფოტოგრაფიას, როგორც ტრანსცენდენტულ მედიუმს, ისე იყენებს. ის ვერ ჩადის სოხუმში, მაგრამ მაინც თავისი თვალით დანახულ თანამედროვე სოხუმს გვაჩვენებს. მის კამერას და ფანტაზიას კი ყოველთვის შეუძლია, იმის მიღმა დაგვანახოს სამყარო, ვიდრე ამას ჩვენი გონება მისწვდება, ისე შეეხოს სიკვდილს და ნგრევას, რომ ყველაზე მშვენიერ და სასურველ სანახაობად აქციოს ის.

„ირამ და მე ერთმანეთი თბილისში, ანტუან დ’აგატას ფოტოვორქშოფზე გავიცანით. ჩემმა ისტორიამ აფხაზეთზე, დევნილობაზე, ბავშვობაზე, რომელიც ომის დაწყებისას უცებ გაწყდა, ირაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გადაწყვიტა, თვითონ ჩასულიყო სოხუმში, რადგან მე ეს არ შემიძლია და ჩემ ნაცვლად მოენახულებინა ის ადგილები, რომლებიც წინასწარ ჩამოვუწერე, სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებდი. პირველ რიგში, სიაში მეწერა: კალინინის ქუჩა, ჩემი სახლი, ეზო, დენდროპარკი, სინოფის პლაჟი, სანაპირო, ბოტანიკური…

ასეთი იდეა გვქონდა: ირას ფირზე უნდა აღებეჭდა ეს ადგილები, ფირები ჩემთვის ჩამოეტანა და მე იმავე ფირებზე გადავიღებდი ჩემს აქაურ გარემოს. ექსპერიმენტმა ტექნიკურადაც გაამართლა – ორმაგი ექსპოზიცია ფოტოებზე კარგად გამოვიდა და, ფაქტობრივად, ჩვენც ვირტუალურად გავარღვიეთ საზღვრები. ფოტოებზე წყობა ასე დალაგდა: ქვედა ფენა სოხუმია, ზედა – უკვე თბილისი. დამთხვევა თითოეულ მათგანზე ჩემთვისაც შთამბეჭდავია, განსაკუთრებით იმ ფოტოებზე, რომელზეც ზღვა იწვის, ან ჩემი შვილები თამაშობენ ჩემს სოხუმის ეზოში, ფონად დაკარგული სახლი მოჩანს, ვუყურებთ ზღვას…“

მარიამი: სოხუმი გახსოვს?

დილა: რა სტრანნია, შეიძლება წინა ზაფხული არ მახსოვდეს, მაგრამ სოხუმი მახსოვს. რამე ფრაზას იტყვის ვინმე და უცბად იქ ვიჩითები. ბოლო კადრები მახსოვს ნათლად.

“გემით წამოვედით. გემზე ვიყავით ცოცხლებიც და მკვდრებიც ერთად. მკვდრებს თუ დააკვირდები, მიხვდები, რომ ყველას თავისი ფერი აქვს – აკვარელივით. იქ ჩვენთან იისფერი გვამი იყო. ისეთი იისფერი, რომ ალბათ ბევრი მხატვარი ჩალიჩობდა, როგორმე ეგ ფერი გამოეყვანა და ვერ გამოიყვანა. ბავშვები გემბანზე აგვიყვანეს და იქ სხვა სანახაობა გადაიშალა: გემს დელფინები მოჰყვებოდნენ. პირველად ვნახე მაშინ დელფინები. ლამაზი იყო. შტორმი დაიწყო და ბათუმამდე ვერ ჩავედით. გავჩერდით ფოთში. პორტი ხალხით იყო სავსე, ზოგს საჭმელი მოჰქონდა, ზოგს- სიგარეტი, ზოგს- ტანსაცმელი. ამ ხალხში ნათესავი გავაძრეთ და სახლში წაგვიყვანა. აქედან დაიწყო ჩემი სხვის სახლებში ცხოვრების ოდისეა. მთელი ცხოვრება ხან ვის სახლში ვცხოვრობ, ხან- ვის სახლში. ფოთი იყო პოსტაპოკალიპტური ქალაქი. არაფერი არ ხდებოდა. სრული სიჩუმე და სასოწარკვეთა. ყავაზე დავდიოდით ერთ სოხუმელ კაპიტანთან. სოხუმიდან გემით წამოვიდა, გემი ფოთში გაუფუჭდა და ვეღარსად მიდიოდა. ამ თავის გაფუჭებულ გემში ცხოვრობდა. კაპიტანი იყო უეკიპაჟოდ და გემით, რომელიც ვერ ცურავს”.

ამ ინტერვიუმდე ზურა ჯიშკარიანმა (დილა) დიდუბის საგამოფენო პავილიონში ინსტალაცია “ვინ დააწყნარებს ზღვების ხმაურს” გააკეთა. მკრთალად განათებული გემის გარდა უზარმაზარ სივრცეში არაფერი იდგა. კონტინენტების აღმოჩენის ეს მღელვარე სიმბოლო “უზღვაო” დედაქალაქის ერთ-ერთ საგამოფენო პავილიონში იყო გაჩერებული, თუმცა შეგრძნებით მაინც შავ ზღვაში ცურავდა. ტექნოლოგიურად, სენსორების მეშვეობით ის მართლაც შავ ზღვასთან იყო დაკავშირებული, ტალღების ყოველი მიმოქცევა კი ახალ მუსიკალურ, რადიო ან უბრალოდ ხმაურს გადმოსცემდა. ყველა ეს ხმა ავტორის მღელვარე მეხსიერების ნაწილია. უცნაური განცდაა, როდესაც ტალღების ფონზე ადამიანი ცხოვრების ყველაზე მნიშნვნელოვან ამბავს გიყვება და ეს შეგრძნება ყოველ ახალ ტალღასთან ერთად მძაფრდება. ეს გამოფენა ერთგვარი ინიციაცია იყო რაღაც მიუწვდომელში, საკრალურში, მეხსიერების უჯრედში შეღწევა, როგორც სამოთხის ბაღში.

მხატვარი ანდრო ვეკუაც მეხსიერების რეკონსტრუქციას ცდილობს. ფილოსოფოს ბორის გროისთან ჩაწერილ ინტერვიუში ვეკუა მეხსიერების და ბიოგრაფიის მნიშვნელობაზე საუბრობს; ამბობს, რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, სად აიკინძება მეხსიერება, საქართველოში თუ აფრიკაში, მნიშვნელოვანი ის არის, რომ „შეგრძნებები იმდენად მძაფრი და მრავალფეროვანია, რომ რაღაც უნდა გავაკეთო მათგან, სხვა შემთხვევაში ისინი უბრალოდ გამხლეჩენ“. მისი შემოქმედება ვერ განისაზღვრება ერთი ან ორი თემატური ხაზით, არამედ მთლიანობაში აღიქმება. „მაგრამ ეს არ არის ამბავი ან თხრობა. ნორმალურია, თუ მაყურებელს ჩემს ნამუშევრებში ამბის დანახვა სურს, მაგრამ კარგი იქნება, თუ ისინი მდგომარეობებსაც აღიქვამენ“ . ანდრო ვეკუას ნამუშევრები კომპლექსურად აღიქმება, ერთი შეხედვით, ის მართლაც არ ჰყვება ერთ ნარატიულ ამბავს, მაგრამ მისი ნამუშევრები მთლიან ემოციურ ქსოვილს ქმნის, სადაც კონკრეტული ქალაქი დიდი მეხსიერების მთავარი წყარო ხდება. თითქოს, ზუსტად ეს ქალაქია ავტორის კოლაჟების, ქანდაკებების, ფერწერისა და სიზმრისეული ვიდეოების მთავარი სცენა. მაკეტებით რეკონსტრუირებული შენობები მეხსიერებაში შემორჩენილი ქალაქია, თუმცა მხოლოდ ნანგრევი, მოგონებების ჩონჩხი, ძველი შენობების სასაფლაო, რომელზეც დანარჩენი ამბები და შეგრძნებები შენდება. ყველაფერი დანარჩენი ამ ქსოვილის დეტალებია.

შეიძლება, ჩემ მიერ ჩამოთვლილი ავტორები ბოლომდე არ ასახავენ იმ სურათს, რომელიც აფხაზეთის საკითხის ვიზუალურ გადააზრებას უკავშირდება, მაგრამ მათ მიერ გარდაქმნილი გამოცდილება საშუალებაა, რომ რეალობის სხვა მხარე დავინახოთ, დროებით მაინც მოვწყდეთ ჩვენზე და ჩვენს აზრებზე გაბატონებულ კოლექტიურ დისკურსს, რომელიც პირადი აზრისთვის ადგილს თითქმის არ ტოვებს.

როგორც ამბობენ, თითოეულ ჩვენგანს აქვს ამბავი გადაადგილებაზე – უბრალოდ, ზოგი უფრი მძაფრია, ვიდრე დანარჩენები.

პაპუნა პაპასქირი, ნათება


სტატია მომზადებულია ნეტგაზეთისა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ერთობლივი პროექტის ” სამხრეთ კავკასიიის ამბები სპეციალური გამოცემა” ფარგლებში. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს/შესაძლოა შეიცავდეს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი