ახალი ამბები

მოვუწოდებთ საპროკურორო საბჭოს, შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს – TI

16 იანვარი, 2020 •
მოვუწოდებთ საპროკურორო საბჭოს, შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძი კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს.

„რადგან მას დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები“, – წერს ორგანიზაცია.

„2018 წლის 31 მაისს ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის არასათანადო გამოძიებისა და საზოგადოების მწვავე პროტესტის ფონზე მთავარი პროკურორის პოსტიდან გადადგა. პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან არაობიექტური და მიკერძოებული პროცესის ჩატარების შესახებ ეჭვები მირზა სუბელიანის ციხის ჩანაწერებმაც გააღრმავა.

დავით სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლოს დღემდე არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ხოლო მირზა სუბელიანის მიერ გამოძიებაზე შესაძლო ზეგავლენის განხორციელებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს ამომწურავი პასუხი არ გასცემია.

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქმის შესწავლისას არაერთი ხარვეზი და კანონდარღვევა აღმოაჩინა, რასაც ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია“, – ამბობს ორგანიზაცია.

TI-ის თქმით, ირაკლი შოთაძის კონკურსში მონაწილეობა აჩენს ეჭვს, რომ მისი კანდიდატურის პარლამენტში წარდგენა და გენერალურ პროკურორად არჩევა წინასწარ არის გადაწყვეტილი და შერჩევის პროცესი ფიქტიურ ხასიათს ატარებს.

დღეს, 16 იანვარს, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე წარადგინეს.

შოთაძე 2018 წლის 31 მაისს გადადგა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა.

წაიკითხეთ ასევე:

ირაკლი შოთაძეს მხარს დავუჭერ – ვოლსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი