ახალი ამბები

პრემიერი: ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინებების სისტემა დამონტაჟდება

20 ივნისი, 2015 •
პრემიერი: ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინებების სისტემა დამონტაჟდება

“ადრეული შეტყობინების სისტემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ სადმე იმატებს ზემოთ წყლის მასა, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევაში სიგნალი გადმოეცემა იმ უბნებს, საიდანაც უნდა მოხდეს მოსახლეობის გაფრთხილება. ასეთი სისტემა ჩვენთან არ არსებობდა აქამდე,”– განმარტავს თბილისის მერი დავით ნარმანია გადაცემა “რეაქციაში” ჩართვისას.

 

გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, ხეობაში დამონტაჟდება ნალექის მზომი მოწყობილობა, ასევე  მერიას უკვე დაწყებული აქვს მოსახლეობის განსახლებაზე მუშაობა. 

 



საგანგებო შტაბის სხდომა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე დღის განმავლობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამა. მისი თქმით, დაპირებისამებრ, შექმნილია სახელმწიფო კომისია, ხვალიდან კი თემატური ჯგუფები შეუდგებიან მუშაობას.„ჩვენთვის ყველაზე მთავარია, გადავწყვიტოთ, რას ვუპირებთ იმ გზას, რომელიც დაზიანდა. გრძლევადიან პერსპექტივაში უნდა დავსახოთ გეგმები. მოგვიწევს მთელი ხეობის გადაგეგმარება. მნიშვნელოვანია სპეციალისტების აზრი. ახლა მთავარია გამჭირვალობა და ყველას ჩართულობა. უცხოელი ექსპერტები არიან ჩართულები. კიდევ მოვიწვევთ ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებს, რომ კიდევ რაიმე შეცდომა არ გაგვეპაროს. ამ პრობლემის გადაჭრა ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო, ასე რომ, ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ, რომ მომავალ თაობას არ დავუტოვოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით, პირველი რიგის ამოცანაა შეტყობინების სისტემის დამონტაჟება, რაზეც გარემოს დაცვის სამინსიტრო უკვე მუშაობს.„ასევე დავიწყებთ ნალექის მზომი მოწყობილობის დამონტაჟებას. თბილისის მერიას უკვე დაწყებული აქვს მოსახლეობის განსახლებაზე მუშაობა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და აქედან გამოვიდეთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს,“–აღნიშნა პრემიერმა.ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სამუშაოები სტიქიით დაზარალებულ ყველა უბანზე აქტიურად გრძელდება. მზიურში, სადაც სპეციალური განათებაა დამონტაჟებული, სამუშაოები ღამითაც არ წყდება. მაშველები და მოხალისეები უზრუნველყოფილი არიან საკვებით და სასმელი წყლით. ტერიტორიაზე განთავსებულია სამედიცინო პუნქტები საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. ბაგებში კოლექტორის თავზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. დილიდან დაიწყო საინჟინრო სამუშაოები. მზადდება სპეციალური მოედანი, საიდანაც შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით მოხდება კოლექტორზე ბეტონის დასხმა.მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხვალიდან შემაჯამებელი ბრიფინგები აღარ გაიმართება, მიმდინარე სამუშაობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას საგანგებო შტაბის პრესსამსახური მიაწვდის. მანვე მოუწოდა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს მინდია ჯანელიძეს, ორშაბათამდე წარმოადგინოს დარჩენილი სამუშაოების დასრულების ვადები.

Posted by Irakli Garibashvili on Friday, June 19, 2015

 

თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს მიაღწევს. 

 

დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულ ცხოველთაგან ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილი კი – მოკლეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი