ახალი ამბები

მათი 70%, ვისაც პროპორციულზე სმენია, ჩაგდებას უარყოფითად აფასებს – NDI

16 იანვარი, 2020 • 1023
მათი 70%, ვისაც პროპორციულზე სმენია, ჩაგდებას უარყოფითად აფასებს – NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მათი უმეტესობა (70%), ვისაც პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდების შესახებ ინფორმაცია აქვს, ამ მოვლენას უარყოფითად აფასებს.

კვლევაში მონაწილეებს თავდაპირველად ჰკითხეს, იცოდნენ თუ არა , რომ 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა დაპირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციული არჩევნების შესახებ მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულ კითხვაზე, მოსახლეობის 59%-მა უპასუხა, რომ ამის შესახებ იცოდა.

იმ ადამიანებს შორის კი, ვინც იცოდა, რომ მმართველის პარტიის დეპუტატთა ნაწილმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, პროპორციულის ჩაგდებას 70% უარყოფითად აფასებს.

სქრინშოტი NDI-ის კვლევიდან.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ  და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი