ახალი ამბები

აიათოლა ხამენეი 8-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად იქადაგებს პარასკევის ლოცვაზე – მედია

15 იანვარი, 2020 • 1425
აიათოლა ხამენეი 8-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად იქადაგებს პარასკევის ლოცვაზე – მედია

ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელსაც 8 წელიწადია, პარასკევის ლოცვებზე არ უქადაგია, სავარაუდოდ, 17 იანვარს პარასკევის ლოცვაზე იქადაგებს, – იუწყება „რადიო თავისუფლების“ ირანული სამსახური.

სხვა გამოცემებიც – BBC-ი, New York Times და Guardian-იც ირანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ირანში პარასკევის ლოცვაზე ხამენეის ქადაგებას ელიან.

როგორც გამოცემები წერენ, ხამენეი მხოლოდ განსაკუთრებით რთულ პერიოდებში ქადაგებს ხოლმე პარასკევის ლოცვაზე. ბოლოს, 2012 წელს, როდესაც პარასკევს იქადაგა, არაბული გაზაფხულის შესახებ ისაუბრა.

მაშინ იგი აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებას გამოეხმაურა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ და განაცხადა, რომ „ომით მუქარა ამერიკას ძვირად დაუჯდება, ომი კი კიდევ უფრო ძვირად დაუჯდება“.

17 იანვრის ქადაგება, სავარაუდოდ, შეეხება ყასემ სოლეიმანის მოკვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ირანული პრესის თანახმად, ეს ქადაგება უკავშირდება 1978 წლის რევოლუციის დაწყების წლისთავს. BBC-ის თანახმად კი, პარასკევის ლოცვა, სავარაუდოდ, იქნება მცდელობა, ჩააწყნარონ შიდა არეულობა.

პარასკევის ლოცვები, რადიო თავისუფლების თანახმადვე, არის ტრადიციული პლატფორმა რეჟიმის მხარდამჭერებისთვის, მედიისა და სახელმწიფო მოხელეებისთვის გზავნილების გადასაცემად.

რამდენიმე დღის წინ თეირანის ქუჩებში უკრაინული სამგზავრო ბოინგის ჩამოგდების გამო, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი გამოვიდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმედღიანი უარყოფის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მგზავრებით სავსე თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს, თუმცა, მათივე განცხადებით, ეს შეცდომით მოხდა, რადგან თვითმფრინავი „მტრულ სამიზნეში“ აერიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი