ახალი ამბები

რუსეთის მთავრობა გადადგა

15 იანვარი, 2020 • 2049
რუსეთის მთავრობა გადადგა

რუსეთის ფედერაციის მთავრობა დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით გადადგა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია – „რია ნოვოსტი“ და „ტასსი“ იუწყებიან.

მედვედევის განცხადებით, დღეს, 15 იანავრს, ფედერალური კრებისადმი მიმართვისას პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა მოქმედებისთვის თავისუფლება მიიღოს და ამიტომ გადადგა რუსეთის მთავრობის შემადგენლობა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, პუტინმა მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა. თავმჯდომარის პოსტი თავად პუტინს, როგორც პრეზიდენტს, უკავია.

რა ხდება?

დღეს, 15 იანვარს, ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ კრებას – ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმას ყოველწლიური ანგარიშით მიმართა. პუტინმა ძირითადად შიდაპოლიტიკურ თემებზე ისაუბრა – დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე, მოსახლეობის შემოსავლის ზრდაზე და კონსტიტუციის ცვლილებაზე. პუტინის ინიციატივით, 2024 წლიდან მნიშვნელოვნად სუსტდება პრეზიდენტის ძალაუფლება. პუტინს სწორედ ამ დროს ეწურება პრეზიდენტობის ვადა და ამ პოზიციას კიდევ ერთხელ ვერ დაიკავებს.

პუტინის ინიციატივით, პარლამენტს უნდა გადაეცეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ნაწილი. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების უფლება, ხოლო პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება.

გარდა ამისა, პუტინის აქვს სხვა ინიციატივებიც, კერძოდ:

  • საერთაშორისო ორგანოების გადაწყვეტილება გათვალისწინებული იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ეწინააღმდეგება რუსეთის კონსტიტუციას;
  • პირებისთვის, რომლებიც იკავებენ ქვეყნისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან თანამდებობებს, დაწესდეს კრიტერიუმები;
  • დაწესდეს ახალი კრიტერიუმები პრეზიდენტისთვის – კერძოდ, კანდიდატი რუსეთში უნდა ცხოვრობდეს არანაკლებ, ვიდრე 25 წელიწადი. გარდა ამისა, მას არ უნდა ჰქონდეს უცხოური მოქალაქეობა ან სხვა ქვეყანაში ბინადრობის უფლება, მათ შორის, წარსულში;
  • კონსტიტუციიდან ამოიღონ დებულება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, რომ ერთმა პირმა თანამდებობა მრავალჯერ დაიკავოს, თუ ეს ორ ვადაზე მეტჯერ გადაბმულად არ იქნება;
  • გაძლიერდეს „სახელმწიფო საბჭოს“ როლი, რომელიც შედგება ცალკეული რეგიონების გუბერნატორებისგან;

მასალების გადაბეჭდვის წესი