სახალხო დამცველის ცნობით, ცვლილებები შეიტანა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2015 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში და 19 ივნისს წერილობით სთხოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს, სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნება – 50 ათასი ლარის ოდენობით, მიმართოს სახელმწიფო ხაზინაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს 2015 წლის 13 ივნისის ღამეს თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამოსწორებისა და დაზარალებულთა დახმარების საქმეში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ხაზინისა და კომერციული ბანკების მიერ სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისათვის გახსნილ ანგარიშებზე ამ დროისთვის (12:30 საათი) 15 200 000 ლარია მობილიზებული.
მეწყრის ჩამოწოლამ 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა ვაკეში სვანიძის ქუჩა, ზოოპარკი და მზიური. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი, ხოლო 6 დაკარგულად მიიჩნევა.
სვანიძის ქუჩაზე სახლების ნაწილი საცხოვრებლად უვარგისია. განადგურდა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, ასევე ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი დაიღუპა. მთავრობის ცნობით, სახელმწიფოს ზარალი, წინასწარი მოაცემებით, 100 მილიონი ლარია.