სააგენტოს ინფორმაციით, ზოოპარკისა და ძაღლების თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული ცხოველების ლეში თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე იმარხება, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების სრული დაცვით.
ლეში ნადგურდება სპეციალურ წვის ღუმელში, რომელშიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ცნობით, ვაკის ხორცპროდუქტების საწარმოდან გატანილია და თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე განადგურებულია 41 ტონამდე მავნებლად მიჩნეული მზა სურსათი და ნედლეული.
19 ივნისიდან, ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე არსებული ხორცპროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმო “21 საუკუნიდან“ უვარგისი პროდუქციის ამოღება და გატანა, აცხადებს სააგენტო.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისის სხვადასხვა უბნიდან, მათ შორის სტიქიის შედეგად დაზარალებული წერტილებიდან აიღეს სასმელი წყლის სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რასაც მოსახლეობას სააგენტო დამატებით აცნობებს.